თუ მოსახლეობამ ვერ გაითავისა ის რეკომენდაციები, რაც ახლა არის მოწოდებული ნამდვილად შეიძლება, მდგომარეობა დრამატულად განვითარდეს თანაც ისე, რომ ჯანდაცვის სისტემამ ვეღარ მოახერხოს ამ პაციენტების მოვლა , – ამის შესახებ თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების ხელმძღვანელმა მარინა ენდელაძემ „პალიტრანიუსის“ ეთერში, გადაცემაში „საღამოს ნიუსრუმი“ განაცხადა.
„ჩვენ ახლა შევდივართ პიკურ ფაზაში, საბედნიეროდ, ძალიან კარგად შევასრულეთ შეკავების პროცესი და ჯერჯერობით არ გვაქვს დრამატული შედეგები, მაგრამ, თუ მოსახლეობამ ვერ გაითავისა ის რეკომენდაციები, რაც ახლა არის მოწოდებული ნამდვილად შეიძლება განვითარდეს დრამატულად მდგომარეობა თანაც ისე, რომ ვეღარ მოახერხოს ჯანდაცვის სისტემამ ამ პაციენტების მოვლა. თუ დაავადება უმართავი გახდა და დიდი რაოდენობით მოხდა დაინფიცირება ვერც ჯანდაცვის სისტემა მოუვლის ამას“, – აღნიშნა მარინა ენდელაძემ.
მარინა ენდელაძის თქმით, ვირუსის გავრცელების ამ ეტაპზე „არცერთმა არ ვიცით ვართ თუ არა ინფიცირებულები“ და ამიტომ მაქსიმალური სიფრთხილე უნდა გამოვიჩინოთ.
„აქამდე ჯანდაცვის სამინისტრომ და მედიცინამ ძალიან კარგად ვიარეთ. ძალიან გთხოვთ, დარჩით სახლში, დაიცავით დისტანცია და ვეცადოთ, რომ გადავრჩეთ. ახლა ისეთი დღეები გველოდება, როდესაც ყოველთვის ხალხმრავლობა იყო, მაგრამ ეს წელი გადავიტანოთ ისე, რომ რაღაც ძველი ტრადიციები დავარღვიოთ, გავაკეთოთ ისე რომ არ მოხდეს დრამატული განვითარება. ახლა ის ეტაპია როდესაც ჩვენ არცერთმა არ ვიცით, ვართ თუ არა ინფიცირებულები და თუ რომელიმეს სიმპტომები გამოგვიჩნდება, მივმართოთ ექიმებს“, – განაცხადა მარინა ენდელაძემ.