თუ მრევლი შევა ეკლესიაში და დილის 6-მდე აღარ გამოვა, ეს კანონის დარღვევა იქნება? – გომელაური

შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური ჟურნალისტების შეკითხვას, დაარღვევს თუ არა მრევლი სააღდგომო ლიტურგიის დროს ე.წ კომენდანტის საათის, თუკი საღამოს 21:00-მდე მივლენ ეკლესიებში და დილის 06:00-მდე აღარ გამოვლენ, პასუხობს:

,,თუ ასე იქნება, რომ შევა [მრევლი ეკლესიაში] და დილის 6 საათამდე აღარ გამოვა, ეს, თქვენი აზრით, დარღვევა იქნება კანონის?”.

გომელაური ამბობს, რომ სააღდგომო ლიტურგიასთან დაკავშირებით მთავრობა საპატრიარქოსთან თანამშრომლობს და ჯერ ბოლომდე არ შეჯერებულა, თუმცა დარწმუნებულია, რომ შეჯერდებიან ისე, რომ კანონი არ დაირღვეს.

,,რომ გითრათ, ამ თემაზე ბოლომდე შევჯერდით საპატროარქოსთან რომ ასე გადავწყვიტეთ-თქო, არა, თუმცა დარწმუნებული ვარ, რომ შევჯერდებით ისე, რომ არც კანონი დაირღვეს და მომლოცველები მოვიდნენ და ილოცონ. ალბათ შევჯერდებით ისე, რომ არ დავარღვევთ კანონს არც ჩვენ და არც ეკლესია. მინდა ხაზი გავუსვა, რომ საპატრიარქო ძალიან კარგად გვეთანამშრომლება, ერთად ვმუშაობთ ამ პრობლემის წინაშე, გვერდში გვიდგანან მეუფეებიც, უწმინდესიც და მინდა დიდი მადლობა გადავუხადო საპატრიარქოს გვერდში დგომისთვის“, – განაცხადა გომელაურმა.

მისივე თქმით, მრევლის კანონს არ არღვევს და მას ყველაზე კარგად იცავს.

,,კანონს ესენი არ არღვევენ და ყველაზე კარგად იცავენ, მერწმუნეთ, თუნდაც ეკლესიაში იმ დისტანციას, რასაც თუნდაც ჩვენ ახლა ვარღვევთ, სამწუხაროდ. მე ხაზი გავუსვი, რომ შევთანხმდებით საპატრიარქოსთან. თვითონ მეუფეებიც მოუწოდებენ, დაჯარიმდებით და ნუ დაარღვევთ კანონსო”.

საგანგებო მდგომარეობისა და საყოველთაო კარანტინის მიუხედავად, მართლმადიდებელ ეკლესიებში მრევლი ყოველ კვირა იკრიბება. ისინი დისტანციას იცავენ, თუმცა ერთი კოვზით ზიარების წესი არ შეცვლილა.