თუ მსგავსი ტენდენცია შენარჩუნდა, ეტაპობრივი გახსნა ცოტა ადრე დავიწყოთ – გახარია

პრემიერი გახარია ამბობს, რომ უკვე არსებობს ფრთხილი ოპტიმიზმი იმასთან დაკავშირებით, რომ მომდევნო 7 დღეში დადებითობის მაჩვენებელი 4% იქნება.

მისი თქმით, ასეთ შემთხვევაში პირველ რიგში ეტაპობრივი გახსნა ცოტა ადრე დაიწყება, რაც პირველ რიგში სკოლებს და მუნიციპალურ ტრანსპორტს შეეხება.

“როდესაც დადებითობის მაჩვენებელი გვექნება 4%, ჩვენ უფრო თამამად, ფრთხილად, მაგრამ გონივრულად შეგვეძლება ეკონომიკის გახსნა. როგორც ჩანს, დღევანდელი ტენდენციები გვაძლებს ფრთხილი ოპტიმიზმის საშუალებას. ამიტომ ჩვენ დღეს უნდა დავიწყოთ მსჯელობა იმაზე, თუ მსგავსი ტენდენცია შევინარჩუნეთ უახლოესი 1 კვირის განმავლობაში, ისე როგორც გავაკეთეთ ზაფხულში, ეტაპობრივი გახსნა ცოტა ადრე დავიწყოთ. ეს ეხება პირველ რიგში თბილისს, ქუთაისსა და რუსთავს. ეს ეხება საგანმანათლებლო დაწესებულებებს, რომ მივცეთ ჩვენს ბავშვებს, კლასებში დაიწყონ სწავლა. რა თქმა უნდა, ამას თან ერთვის მუნიციპალური ტრანსპორტის ამოქმედებაც”,– თქვა გახარიამ.

მანვე აღნიშნა, რომ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ “ეს მიღწევა შევინარჩუნოთ”.