“თუ მძიმე დიაგნოზს დაუსვამენ, ყველა ზომა უნდა იქნეს მიღებული მისი ჯანმრთელობის დასაცავად” – ზურაბიშვილი სააკაშვილზე

საქარათველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი Foreign Policy-სთან ინტერვიუში აცხადებს, რომ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის,  მიხეილ სააკაშვილის პატიმრობაში ყოფნა,  ქვეყნის დემოკრატიის საზომი არ უნდა იყოს. ამასთან ერთად ზურაბიშვილი აღნიშნავს, რომ თუ მას მძიმე დიაგნოზს დაუსვამენ, მაშინ ყველა ზომა უნდა იქნეს მიღებული მისი ჯანმრთელობის დასაცავად.

“მე შევიწყალე სააკაშვილის პარტიის რამდენიმე ლიდერი მას შემდეგ, რაც მათ განაჩენი გამოუტანეს. იმ დროს, შარშან, ვფიქრობდი, რომ ეს შერიგებისა და დეპოლარიზაციის პროცესს შეუწყობდა ხელს. ამ შემთხვევაში, ჩვენ სრულიად საპირისპირო პოზიციაზე ვართ – სააკაშვილის შეწყალება საქართველოში მუდმივი პოლარიზაციის საკითხი იქნება, რადგან არის ქვეყნის, შესაძლოა, ნახევარი, რომელიც ერთ მხარეს მტკიცედ დგას და, ალბათ, უმრავლესობა, რომელიც ნებისმიერი სახით შეწყალების წინააღმდეგია.

სხვა საკითხია, რომ თუ მას ნამდვილად დაუსვეს სერიოზული დაავადების დიაგნოზი, ვფიქრობ, რომ ყველა ზომა უნდა იქნას მიღებული მისი ჯანმრთელობის დასაცავად“, – განაცხადა ზურაბიშვილმა.