ის ფაქტი, რომ დღეს ჩვენი ოპოზიციად წოდებული დესტრუქციული ძალა არ შემოდის პარლამენტში არის აბსოლუტურად მიზანმიმართული საბოტაჟი ჩვენი სახელმწიფოს წინააღმდეგ, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა ირაკლი ღარიბაშვილმა პარლამენტში ფრაქცია „ქართული ოცნების“ სხდომაზე განაცხადა.
„ის, რაც ხდება დღევანდელ პარლამენტში არის აბსოლუტურად მიუღებელი. ის ფაქტი, რომ დღეს ჩვენი ოპოზიციად წოდებული დესტრუქციული ძალა არ შემოდის პარლამენტში არის აბსოლუტურად მიზანმიმართული საბოტაჟი ჩვენი სახელმწიფოს წინააღმდეგ. მინდა მათ მივმართო – ვიცი, რომ არ შეიძლება არსებობდეს იმაზე მეტი საფუძველი კონსენსუსისთვის, ვიდრე ჩვენი ქვეყნის მომავალია. ჩვენი პოლიტიკური პოზიციები შეიძლება ვერასდროს დაუახლოვდეს ერთმანეთს და ღმერთმა დამიფაროს, რომ დაუახლოვდეს მათ პოზიციებს, მაგრამ ჯანსაღი ოპონირება, სამუშაო დისკუსია ყველას დაგვეხმარება მათ დახვეწაში. მერწმუნეთ, რომ ხალხს ნაკლებად აინტერესებს მაგალითად, საარჩევნო კოდექსის გარკვეული დეტალები, ის, თუ რა გზით მოხვდებიან ადამიანები პარლამენტში, თუკი ამ შენობიდან ამ ტრიბუნიდან არ იმის მათი სათქმელი. მე ასევე მინდა ვთქვა, რომ ჩვენი ხალხის დაკვეთა არის მათი რეალური პრობლემების გადაჭერა და გადაწყვეტა. ჩვენ ახლა გვჭირდება ერთიანობა და ჩვენი ხალხის ინტერესების გარშემო გაერთიანება. ის, რაც ხდება ჩვენი დესტრუქციული ოპოზიციის მხრიდან, საინფორმაციო, ფსიოლოგიური დესტრუქტციულ კამპანიას ვგულისხმობ, მათი პარტიული ტელევიზიების პროპაგანდით, შეიძლება ცოტა ხნით მოატყუო ადამიანები. ნათქვამია, რომ მრავალჯერ განმეორებული სიცრუე, ხანდახან ხდება სიმართლე, მაგრამ ჩვენ კარგად გვესმის, რომ ძალიან მალე ამ შესაძლებლობასაც გამოვაცლით ხელიდან. ვინაიდან, ჩვენ ამ სიცრუეს დავუპირისპირებთ სიმართლეს. ვინც თვლის, რომ ხალხს ეს კი არა სხვა ინტერესები აქვს, რა თქმა უნდა, მათ მოვუწოდებთ, რომ ღია და საჯარო დებატებში მოიპოვოს მხარდაჭერა. თუ ოპოზიციის ჯანსაღ ნაწილს ეყოფა გამბედაობა და გონიერება, სახელმწიფოებრივი აზროვნება, ასეთს მხოლოდ მივესალმებით და ჩვენი გუნდი მიესალმება მასთან დიალოგს. რა თქმა უნდა, არ ვგულისხმობ იმ რადიკალურ ფრთას, რომელიც პირდაპირ სახელმწიფოს დისკრედიტაციას და ქვეყნის ნგრევას ცდილობენ“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.