,,ევროპული საქართველოს” ერთ-ერთი ლიდერი, სერგი კაპანაძე ამბობს, რომ თუ პოლიტიკური პატიმრები არ გათავისუფლდებიან, მისი პარტია საკონსტიტუციო ცვლილებებს მხარს არ დაუჭერს.
კაპანაძის განცხადებით, ივანიშვილს კიდევ ერთი გადაგდება დიდ კრიზისამდე მიგვიყვანს.
“შეთანხმება არის 2-ნაწილიანი, ერთი მეორის გარეშე არ არსებობს. შეთანხმების ნაწილია როგორც პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლება, ისე საკონსტიტუციო ცვლილებების მხარდაჭერა. შესაბამისად, თუ პირველი მოსმენისთვის პოლიტპატიმრები არ გათავისუფლდებიან და საკონსტიტუციო ცვლილებები განსახილველად პარლამენტში ისე შემოიტანეს, ჩვენ მხარს არ დავუჭერთ. ეს ბევრჯერ გვითქვამს და არ ვაპირებთ, გადაწყვეტილება შევცვალოთ.
ივანიშვილისთვის თუ იქნება გზავნილი, რომ მას შეუძლია, მორიგჯერ გადაადგოს საზოგადოება, ამ შემთხვევაში პოლიტპატიმრებზე, იმ დიდი პროცესის და შეთანხმების მერე, რომელშიც ჩვენი პარტნიორები მონაწილობდნენ, ეს გარდაუვლად მიგვიყვანს კიდევ უფრო მძიმე კრიზისამდე, იმიტომ რომ შეიძლება, ივანიშვილმა ყველაფერი გააკეთოს იმ მოლოდინით, რომ ესეც გაუვა”, – უთხრა კაპანაძემ ტვ პირველს.
ოპოზიცია და ხელისუფლება 8 მარტს ორ მემორანდუმზე შეთანხმდნენ. ერთი საარჩევნო სისტემის ცვლილებას ეხებოდა, ხოლო მეორე, როგორც ოპოზიცია განმარტავს, პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლებას.
11 მაისს არჩილ თალაკვაძემ სპეციალური ბრიფინგი გამართა და თქვა, რომ თუ საკონსტიტუციო ცვლილებები ჩავარდება, ოპოზიციის პასუხისმგებლობა იქნება, ვინაიდან, მისი თქმით, 8 მარტს აშშ-ის ელჩის რეზიდენციაში ხელმოწერილი შეთანხმება პოლიტპატიმრების გათავისუფლებას არ ითვალისწინებს. თალაკვაძემ მოლაპარაკებაში მონაწილე ელჩებისგან მოითხოვა იმის საჯაროდ დადასტურება, თუ რა შეთანხმება შედგა მოლაპარაკებაზე.
ელჩებმა ქართული ოცნების ლიდერების განცხადებებს ერთობილი განცხადებით უპასუხეს. მათი თქმით, შეთანხმება ორი ნაწილისგან შედგება, რომელიც უნდა შესრულდეს.
,,ჩვენ აღვნიშნავთ, რომ შეთანხმება შედგება ორი ნაწილისგან: ერთი ფოკუსირებულია სააჩევნო სისტემაზე, მეორე კი ყურადღებას ამახვილებს იმ საკითხების გადაჭრაზე, რაც სასამართლო სისტემაში პოლიტიკურ ჩარევას ჰგავს. ჩვენ მოვუწოდებთ ყველა მხარეს, სრულად დაიცვან შეთანხმების ორივე ნაწილი, რათა ის წარმატებით განხორციელდეს“ , – წერია განცხადებაში
12 მაისს აშშ-ის სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, სენატორი რიში აცხადებს, რომ საქართველოს პოლიტიკური პარტიებისგან ელოდება 8 მარტის შეთანხმების შესრულებას, რაც “პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლებასაც მოიცავს”.