თუ პრეზიდენტი ვეტოს დაადებს კანონპროექტს, უნდა შევიკრიბოთ და დავძლიოთ – ვოლსკი

პარლამენტის ვიცესპიკერი გია ვოლსკი ამბობს, რომ თუ საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმებაზე მათ მიერ მომზადებულ კანონპროექტს ვეტოს დაადებს, უნდა შეიკრიბონ და ვეტო დაძლიონ.

“გულუბრყვილო არავინ არ არის, რომ დაიჯეროს, პარალელურად შემოტანა ამ კანონპროექტის იმას ემსახურება, რომ უკეთესი შედეგი მივიღოთ და შევქმნათ უკეთესი ახალი კანონი, რომელიც ამ სამსახურებს სრულიად ბუნებრივად გაყოფს და გააძლიერებს. ეს არის საკითხის განხილვის გასაწელად, იქნებ ჩაიშალოს კიდეც.

თუ კი პრეზიდენტი ვეტოს დაადებს ამ კანონპროექტს, ჩვენ უნდა შევიკრიბოთ და ვეტო უნდა დავძლიოთ, ვინაიდან, გადაწყვეტილება არის აბსოლუტურად ჩამოყალიბებული – პოლიტიკურად და სამართლებრივად”, – ამბობს გია ვოლსკი.

ცნობისთვის, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის სამსახურის გაუქმებაზე კანონპროექტი მოამზადეს ქართული ოცნების დეპუტატებმა. ცვლილებები ითვალისწინებს აღნიშნული უწყების 2 ნაწილად გაყოფას. სახელმწიფო ინსპექტორის, ლონდა თოლორაიას განცხადებით, მან თავისივე სამსახურის გაუქმების შესახებ მედიიდან შეიტყო. ის ამ კანონპროექტს დამოუკიდებელი ინსტიტუტის დასჯად აფასებს.