ეკონომიკის მინისტრი ნათია თურნავა ამტკიცებს, რომ “ნამახვანჰესის” ინვესტორ კომპანიას გადაეცემა მხოლოდ ის მიწა, რომელზეც უშუალოდ განთავსდება ჰიდრონაგებობები. ამის შესახებ თურნავამ პარლამენტში გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტების ერთობლივ სხდომაზე განაცხადა, რომელზეც ნამახვანჰესის მშენებლობაზე საუბრობენ.
მისი თქმით, მიწის გადაცემა საინვესტიციო პირობების შესრულების სანაცვლოდ წლების განმავლობაში მიღებული პრაქტიკაა და ეს გარკვეული პირობების შესრულების სანაცვლოდ ხდება, საიდანაც ყველაზე მნიშვნელოვანია ინვესტიცია და ქონების გადასახადის გადახდა, ასევე 28 კილომეტრის გზის მშენებლობა და სახელმწიფოსთვის უსასყიდლოდ გადაცემა.
„ერთ-ერთი ყველაზე ხშირად დასმული, მიწის პრივატიზაციის საკითხია. თუ პრობლემაა იმაში, რომ მიწა ჰესის ასაშენებლად გადაეცა თურქულ კომპანიას, მე ამ რიტორიკაში არ და ვერ წამოგყვებით, რადგან ეს მიუღებლად მიგვაჩნია; თუ პრობლემა იმაშია, რომ მიწა საერთოდ გადაეცა კერძო კომპანიას, შეგახსენებთ რომ მიწის გადაცემა საინვესტიციო პირობების შესრულების სანაცვლოდ წლების მანძილზე მიღებული პრაქტიკაა.
პროგრამა „აწარმოე საქართველოში“ (მისი ერთ-ერთი წარმატებული კომპონენტი) აწყობილია ამ პრინციპზე და 1 მილიონი ლარის ინვესტიციის დროსაც კი გადავცემთ კერძო კომპანიას საჭირო მიწას, ოღონდაც განავითაროს ადგილობრივი წარმოება და დაასაქმოს ადამიანები. მით უფრო ეს გამართლებულია, როდესაც საუბარია 830 მილიონი დოლარის ინვესტიციაზე და 2000 კაცის დასაქმებაზე“,- თქვა თურნავამ.
მისივე თქმით, მზად არიან, დაინტერესებული პირებისა და ექსპერტებისგან შემდგარ ჯგუფს გააცნონ თითოეული გადაცემული ან გადასაცემი ნაკვეთის შესაბამისობა ტექნიკურ პროექტთან.