„თუ რამე კიდევ უფრო აღრმავებს ეჭვს საქართველოს ნებისმიერი მოქალაქის თავში, რომ [BBC-ის] ეს ბრალდებები სამართლიანია და ეფუძნება სიმართლეს, არის ივანიშვილის რეჟიმის რეაქცია. ნებისმიერი, მეტ-ნაკლებად ადეკვატური ხელისუფლება, ერთადერთ ნაბიჯს გადადგამდა – მოიწვევდა საერთაშორისო ინსტიტუტებიდან ისეთ კვლევით ჯგუფს, რომელიც ამ ბრალდებას გაანეიტრალებდა. ამის ნაცვლად ვხედავთ ტიპურ პუტინისტურ, ივანიშვილისეულ რეჟიმის ნიაღვარს.გუშინ ვიხილეთ კლასიკური შეცდომა, „იაღლიში“. მხოლოდ იმიტომ რომ ჰგონიათ ყველაფერი გასდით, გამოიყენეს ყოფილი თანამდებობის პირი, გამოიყვანეს და უბრალოდ წინა ხელისუფლება ახსენებინეს, იმათი ნაყიდიაო და ვერ გააცნობიერეს, რომ ამით, პრაქტიკულად, დაადასტურეს ბრალდების ერთი ნაწილი, რაც ამ გამოძიებაში იყო მოცემული, რომ ჯანმრთელობის დამაზიანებელი ასეთი ნივთიერება ჰქონდათ. ახლა ამას მიხვდნენ და გამოსწორებას ცდილობენ.[…] ჩვენ არ გამოვრიცხავთ, რომ რეჟიმს და მის გარემოცვას, იმედი აქვს რომ დრო გაივლის და ამის დადასტურება იქნება რთული, მაგრამ ყველას უნდა შევახსენოთ, რომ ყველა მტკიცებულება ამ საქმის მიჩქმალვისა, უკვე დანაშაულად იქნება შეფასებული დამოუკიდებელი მართლმსაჯულების მიერ, როცა ეს რეჟიმი აღარ იქნება ხელისუფლებაში. რაც უფრო შორს წავლენ სამარცხვინო რეპრესიებში, საზოგადოების უდიდეს ნაწილში კიდევ უფრო გაღრმავდება რწმენა, რომ ეს დანაშაული ჩაიდინეს”.

ამის შესახებ პარტია „ფედერალისტების“ თავმჯდომარემ, გიგა ბოკერიამ განაცხადა.