თუ რაოდენობა მეტად გაიზრდება, მივიღებთ შეზღუდვებს მობილობის შესამცირებლად – მეზვრიშვილი

მთავრობის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ნათია მეზვრიშვილი კითხვაზე, რა იქნება კორონავირუსის შემთხვევების დღიური ზედა ზღვარი, რომლის შემდეგაც მთავრობა ქვეყნის ჩაკეტვის გადაწყვეტილებას მიიღებს, პასუხობს, რომ უჭირს თქმა.

მისი განცხადებით, ინფიცირებულთა რაოდენობის ზრდის შემთხვევაში ისეთ შეზღუდვებს მიიღებენ, რაც ადამიანების მობილობას შეამცირებს.

“რაც შეეხება ზედა ზღვარს, [რომლის შემდეგაც საჭირო გახდება ჩაკეტვა], ასე ცალსახად თქმა, ალბათ, გამიჭირდება, იმიტომ, რომ ყველაფერი დამოკიდებულია კონკრეტულ სიტუაციაზე. ახლა დღეის მდგომარეობით შეგვიძლია ვთქვათ, რომ ამის საფუძველი არ არსებობს, თუმცა თუ საჭიროება დადგება, ის შეზღუდვები, რაც შეიძლება გამოვიყენოთ რაოდენობის კიდევ უფრო მეტად ზრდის შემთხვევაში, იქნება ის ღონისძიებები, რომლებიც მობილობის შემცირებისკენ იქნება მიმართულება. ეს არ იქნება საგანგებო მდგომარეობა და ეს არ იქნება სრული კარანტინი. წინასწარ ამაზე საუბარი შეუძლებელია, ვნახოთ, როგორი მდგომარეობა იქნება 2-3 დღის შემდეგ”,– ამბობს მეზვრიშვილი.

ცნობისთვის, დღეს კორონავირუსის 196 ახალი შემთხვევა დადასტურდა, რაც ქვეყნისთვის რეკორდული მაჩვენებელია.