თუ რეიტინგები არ მოეწონათ, დღეში 5 შემთხვევაც რომ იყოს, შეეცდებიან არჩევნები გადაწიონ – გოცირიძე ხელისუფლებაზე

თუ რეიტინგები არ მოეწონათ, დღეში 5 შემთხვევაც რომ იყოს, შეეცდებიან არჩევნები გადაწიონ , – ასე ეხმიანება ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე რომან გოცირიძე პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადებას.მისი თქმით ხელისუფლება ეცდება გამოიყენოს ვირუსი  არჩევნების გადასაწევად.

”ამ განცხადებით ფაქტობრივად, ვლინდება ხელისუფლების ჩანაფიქრები. ეს ან წამოცდენა იყო ან საცდელი ინფორმაციის სახით გაახმოვანა კობახიძემ ეს აზრი, რათა ენახათ, თუ რა რეაქცია ექნებოდა საზოგადოებას და პოლიტიკურ ძალებს. ეს ემსახურება რამდენიმე მიზანს, პირველი ის, რომ უნდა მოადუნონ ოპოზიციის აქტივობა და გაურკვევლობაში ჩააგდონ საარჩევნო სუბიექტები. ამასთან, მათ გადაწყვეტილი აქვთ კორონავირუსის თემით მანიპულირება-უნდა ჩაატარებენ ოქტომბერში არჩევნებს, უნდათ – არა, როგორც მათ აწყობთ იმის მიხედვით, ეს დამოკიდებულია იმაზე, თუ როგორი იქნება მათი რეიტინგი. თუ ოქტომბერში არ მოეწონებათ რეიტინგი, დღეში 5 შემთხვევაც რომ იყოს ქვეყანაში, შეეცდებიან დაძაბული ვითარება შექმნან, გამოაცხადონ საგანგებო მდგომარეობა და შემდეგ არჩევნები გადაწიონ. როგორც ჩანს, გეგმავენ რა დროში ააწყობენ პიარს, ფულს, საკუთარ რეიტინგს და ა.შ. რა თქმა უნდა, არჩევნების გადადება დაუშვებელია, რადგან საკონსტიტუციო ციკლიდან არ უნდა ამოვარდეს ქვეყანა. თუმცა, „ქართულ ოცნებას“ და ბიძინა ივანიშვილს ვერაფერი უშველის. თუნდაც კონგრესმენების ბოლო განცხადებები მოწმობს იმას, რომ მათთვის უკვე გამოტანილია განაჩენი,“- განაცხადა გოცირიძემ.

ცნობისთვის, “ქართლი ოცნების” აღმასრულებელი მდივნის, პარლამენტის უმრავლესობის წევრის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, თუ კორონავირუსის მეორე ტალღა ოქტომბერში იქნება, შესაძლოა, არჩევნები დეკემბერში ჩატარდეს.

“თუ კორონავირუსის მეორე ტალღა არჩევნებამდე პერიოდს დაემთხვა, ამ შემთხვევაში შეიძლება აუცილებელი გახდეს საგანგებო მდგომარეობის გამოცხადება, თუმცა ამაშიც არ არის არაფერი ტრაგიკული. ბუნებრივია, თუ ეს მოხდა ოქტომბერში და თუ იქნება აუცილებელი, ამ შემთხვევაში ოქტომბერში არ ჩატარდება არჩევნები და ჩატარდება პირობითად, დეკემბერში”,- განაცხადა კობახიძემ.