თუ რუსეთი გააკეთებს იმას, რაც უკვე გააკეთა საქართველოსთან, უკრაინასთან, მაშინ მთელი ალიანსი უპასუხებს – სტოლტენბერგი

თუ რუსეთი გააკეთებს იმას, რაც უკვე გააკეთა საქართველოსთან 2008 წელს და უკრაინასთან 2014 წელს, მაშინ მთელი ალიანსი უპასუხებს – ამის შესახებ ნატო-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა „ეხო მასკვისთან“ ინტერვიუში განაცხადა.

„რუსეთის აგრესია უკრაინის წინააღმდეგ საპირისპიროს იწვევს და არა იმას, რაც რუსეთს სურს, რადგან რაც უფრო მეტ აგრესიას დავინახავთ რუსეთის მხრიდან უკრაინის წინააღმდეგ, მით უფრო მეტი ნატო-ს ჯარისკაცის გადასროლა მოხდება ნატო-ს აღმოსავლეთ ნაწილებში, ჩვენი ორგანიზაციის წევრების ტერიტორიაზე. ყირიმის ანექსიისა და უკრაინაში დონბასზე სამხედრო კონტროლის განხორციელებამდე აღმოსავლეთში ალიანსის კონტიგენტი არ გვყავდა. 2014 წლის შემდეგ, მას შემდეგ, რაც რუსეთი შეიჭრა უკრაინაში, ჩვენ განვათავსეთ ჯარისკაცები ჩვენს საზღვრებზე პოლონეთსა და ბალტიისპირეთის ქვეყნებში და ასევე, გავზარდეთ ჩვენი ყოფნა ბალტიისპირეთსა და შავი ზღვის რეგიონში. უნდა უზრუნველვყოთ, რომ ცხადი იყოს, თუ რუსეთი გააკეთებს იმას, რაც უკვე გააკეთა საქართველოსთან 2008 წელს და უკრაინასთან 2014 წელს, მაშინ მთელი ალიანსი უპასუხებს“, – განაცხადა სტოლტენბერგმა.