თუ რუსეთი შემოიჭრება, გადამწყვეტი მოქმედებებით ვუპასუხებთ – ბაიდენი ზელენსკის

აშშ-ს პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი 2 იანვარს ტელეფონით ესაუბრა უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმერ ზელენსკის და განუცხადა, რომ თუ რუსეთი უკრაინაში შეიჭრება, ამერიკის შეერთებული შტატები, პარტნიორებთან და მოკავშირეებთან ერთად, “გადამწყვეტი მოქმედებებით უპასუხებენ”.

ბაიდენმა ასევე “დაადასტურა შეერთებული შტატების ერთგულება უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ”.

“ლიდერებმა გამოთქვეს მხარდაჭერა დიპლომატიური ძალისხმევისთვის, დაწყებული მომავალი კვირიდან ორმხრივი სტრატეგიული სტაბილურობის დიალოგით, ნატოში ნატო-რუსეთის საბჭოს მეშვეობით და ევროპის უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციაში.

პრეზიდენტმა ბაიდენმა ხაზი გაუსვა შეერთებული შტატების და მისი მოკავშირეებისა და პარტნიორების ერთგულებას პრინციპის მიმართ “არაფერი შენზე შენს გარეშე”,– აცხადებს თეთრი სახლი.

ცნობისთვის, უკრაინის საზღვართან დაახლოებით 100 000 რუსი ჯარისკაცია თავმოყრილი. ამერიკის უშიშროებამ უკრიანა გააფრთხილა, რომ შესაძლოა უახლოეს თვეებში რუსეთი ქვეყანაში შეჭრას გეგმავდეს.