თუ სააკაშვილს კლინიკაში არ გადაიყვანენ, პატიმრის მოკვდინების მცდელობად შეფასდება – ლელო

პარტია ლელოს განცხადებით, მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობა დღითიდღე მძიმდება, ხელისუფლებას კი მრავალპროფილურ საავადმყოფოში არ გადაჰყავს. მათი თქმით, თუ ხელისუფლება ამას არ გააკეთებს, ეს შეფასდება მოშიმშილე პატიმრის გამიზნული მოკვდინების მცდელობად.

“მიუხედავად ექიმთა კონსილიუმის კატეგორიული მოთხოვნის და რეკომენდაციებისა, მიუხედავად ქართული საზოგადოების ცნობილი წევრებისა და ათასობით ჩვენი თანამოქალაქის მიმართვისა, მიუხედავად სახალხო დამცველის და საერთაშორისო საზოგადოების წარმომადგენელთა ღიად გაცხადებული პოზიციისა, ხელისუფლება არ იღებს მიხეილ სააკაშვილის სათანადოდ აღჭურვილ სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანის გადაწყვეტილებას. მოშიმშილე პატიმრის მდგომარეობა დღითიღე მძიმდება და შესაძლოა ფატალური შედეგიც დადგეს.

რაც ახლა მე-3 პრეზიდენტთან დაკავშირებით ხდება ეს არის პოლიტიკური ანგარიშსწორება და ველური ვენდეტა, რასაც არაფერი აქვს საერთო მართლმსაჯულებასთან და სამართალთან. კიდევ ერთხელ მივმართავთ საქართველოს ხელისუფლებას და მოვითხოვთ მიხეილ სააკაშვილის მრავალპროფილურ სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანას, რომელსაც ექნება შესაძლებლობა მისი სიცოცხლის ჯანმრთელობის წინაშე მდგარ რისკებს, როგორც ეს ხდება ასეულობით სხვა პატიმრის შემთხვევაში.

თუ ხელისუფლება ამ ნაბიჯს არ გადადგამს, ეს შეფასდება მოშიმშილე პატიმრის გამიზნული მოკვდინების მცდელობად, რაზეც შესაბამის თანამდებობის პირებთან ერთად პასუხისმგებლობა დაეკისრება პირადად ბიძინა ივანიშვილს. გაფრთხილებთ, ჩვენს ქვეყანას კი სამუდამო დაღად დააჩნდება ისტორიის მოკლე მონაკვეთში უკვე მეორე პრეზიდენტის ტრაგიკული დაღუპვა და ამაზე პოლიტიკური კლასის და საზოგადოების ჩუმი თანხმობა“,– აცხადებს ლელო.