უმრავლესობის წევრი ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ საკონსტიტუციო ცვლილებებს მმართველი პარტიის მხრიდან სრული მხარდაჭერა ექნება და ცვლილელები ნაციონალური მოძრაობისა და ევროპული საქართველოს წევრების მხარდაჭერის გარეშეც შეიძლება გავიდეს, თუმცა თუ არ გავა, ესაც არ იქნება პრობლემა.
,,ჩვენი მხრიდან საკონსტიტუციო ცვლილებებს ექნება სრული მხარდაჭერა. თუ ოპოზიცია საკონსტიტუციო ცვლილებებს მხარს არ დაუჭერს, აქ არის ორი ვარიანტი – ერთი, რომ ამ ორი პარტიის ხმების გარეშეც შეიძლება გავიდეს, მაღალი ალბათობით, გავა და ჩვენ ამის დიდი იმედი გვაქვს. თუ არ გავა, ესეც არ არის დიდი პრობლემა და შენარჩუნდება ის საარჩევნო სისტემა, რომელიც ზუსტად ამ ორმა პარტიამ დაუტოვა ქვეყანას სახსოვრად.
ჩვენ დიდი იმედი გვაქვს, რომ საარჩევნო სისტემა შეიცვლება, თუ არ შეიცვლება, კიდევ უფრო მეტი ზიანი მიადგება ამ ორ პარტიას – ახალი სისტემით თუ ჰქონდათ ცოტა უფრო მეტი წარმომადგენლობის უზრუნველყოფის შანსი, ძველი სისტემით კიდევ უფრო ნაკლებად იქნება ეს ორი პარტია წარმოდგენილი პარლამენტში, რაც, შეიძლება, ცუდი არ იყოს”,-განაცხადა კობახიძემ.
ოპოზიცია საკონსტიტუციო ცვლილებების მხარდაჭერას მანამდე არ აპირებს, სანამ, მათი თქმით, 8 მარტის შეთანხმება სრულად არ შესრულდება და მესამე პოლიტპატიმარი, გიორგი რურუა ციხეს არ დატოვებს.
კობახიძე კიდევ ერთხელ უარყოფს, რომ ქვეყანაში პოლიტპატიმრები არსებობენ.
,,თქვენც იცით, რომ არც უგულავა, არც ოქრუაშვილი და არც რურუა არ არიან პოლიტპატიმრები, ისინი არიან პოლიტკრიმინალები. შესაბამისად, ამ საკითხზე საუბარი არის აბსოლუტურად ზედმეტი”,- თქვა “ქართული ოცნების” წევრმა.