“თუ სახლში არ დავრჩით დაგვიდგება დღე, როდესაც ბევრ ჩვენგანს სუნთქვა გაგვიძნელდება” – ნიკა მელია

“სახლში არ დავრჩით და ამ გზით არ შევაფერხეთ ვირუსის გავრცელება, დაგვიდგება დღე, როდესაც ბევრ ჩვენგანს სუნთქვა გაგვიძნელდება, დახრჩობას დავიწყებთ და ექიმი ვერ მოვა, იმიტომ რომ ბევრი ადამიანი იქნება ანალოგიურ მდგომარეობაში.”– ამის შესახებ ნიკა მელია საკუთარ facebook გვერდზე წერს.

მისი თქმით, შესაძლოა სუნთქვის თავისუფალი აპარატი აღარ იყოს და გავიგუდოთ.

​„დაიწყო ვირუსის შიდაგადაცემა და ამ ეტაპზე, თუ მართლაც სახლში არ დავრჩით და ამ გზით არ შევაფერხეთ ვირუსის გავრცელება, დაგვიდგება დღე, როდესაც ბევრ ჩვენგანს სუნთქვა გაგვიძნელდება, დახრჩობას დავიწყებთ და ექიმი ვერ მოვა, იმიტომ რომ ბევრი ადამიანი იქნება ანალოგიურ მდგომარეობაში.

ან თუ მივაღწიეთ ექიმამდე, შესაძლოა სუნთქვის თავისუფალი აპარატი აღარ იყოს და გავიგუდოთ! სწორედ ასე ხდებოდა და ხდება რიგ ქვეყნებში ვირუსის გავრცელების პიკის დროს.

დღეს საქართველოში საშუალოდ 5-6 ადამიანი ინფიცირდება ვირუსით და ყოველდღიურად უკვე 15 ინფიცირებულის დამატებას ვეღარც გაუძლებს ჩვენი ჰოსპიტალური სისტემა, ვერ გასწვდება მედ-პერსონალი, არადა, თუ ვირუისის გავრცელებამ იფეთქა, დღეში, შესაძლოა 50 ინფიცირებულზე მეტიც იყოს.

კარგად მესმის რა მძიმეცაა ემოციურად სახლში გამოკეტვა, მეტიც, კიდევ უფრო კარგად მესმის რა რთულია ეს, როდესაც ამ სახლში დარჩენით, წყდები იმ სამუშაოს, რომლითაც ლუკმა-პურს შოულობ და არჩენ ოჯახს.

მივმართავ მთავრობას, თქვენ მიიწერეთ, ჩაიწერეთ, ზედ წაიწერეთ, ოღონდ კი რამეში დაეხმარეთ ხალხს! იმ ფორმით არ გინდათ, რაც ჩვენ შემოგთავაზეთ? თქვენ გამოძებნეთ ფორმა და იმ ფორმით დაეხმარეთ ფინანსურად, შეეხიდეთ!

საზოგადოებრივი ტრანსპორტის შეჩერება, ცხადია, ხელს შეუწყობს მოქალაქეების სახლში დარჩენას, მაგრამ, ისიც ხომ ფაქტია, რომ ცხოვრებას გაურთულებს იმ ადამიანებს, რომლებიც მუშაობენ იმ სასიცოცხლო ობიექტებზე, რომლებიც აგრძელებენ მუშაობას? იზრუნებს ვინმე მათ ტრანსპორტირებაზე? იგივე მედ-პერსონალის, აფთიაქების, სუპერ-მარკეტების თანამშრომლების გადაადგილებაზე? ეს კომპანიების, უწყებების კეთილ ნებაზე იქნება მიშვებული თუ სახელმწიფო მკაცრად ავალდებულებს მათ?

კითხვის ნიშნები გააჩინა ე.წ. კომენდატის საათმა, მთავრობამ მკაფიოდ უნდა ახსნას, რას ემსახურება 21 საათიდან დილის 6 საათამდე გადაადგილების აკრძალვა?!

ყველამ ხომ კარგად ვიცით, რა დროს და სად იმართება ხსენებულ საათებში შეკრებები?! ეყოს გამბედაობა მთავრობას და თქვას, რომ მოახლოებული რელიგიური დღესასწაულები საფრთხეს უქმნის ჩვენ უსაფრთხოებას.

მოკლედ, ერთად უნდა დავდგეთ დიდი განსაცდელის თავიდან ასარიდებლად, ეს ერთად დგომა კი, არც მეტი, არც ნაკლები, ცალ-ცალკე გარკვეულ მანიძილზე დგომასა და შინ დარჩენაშია“, – წერს ნიკა მელია.