ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის თამარ გაბუნიას განმარტებით, თუკი სკოლაში თერმოსკრინინგისას ბავშვს მაღალი ტემპერატურა დაუფიქსირდება, მას სპეციალურად მომზადებულ იზოლირებულ ოთახში გადაიყვანენ.
„რას ვაკეთებთ, თუ ბავშვს აქვს სიცხე სკოლაში მისვლის პერიოდში – რა თქმა უნდა, ყველა მშობელი ძალიან ფრთხილად უნდა აკვირდებოდეს ბავშვის მდგომარეობას და თუ ოდნავ მაინც შენიშნავს, რომ მისი ჯანმრთელობა შეიცვალა, აქვს სიცხე, აუცილებლად მიმართოს ოჯახის ექიმს და ოჯახის ექიმი მას შესთავაზრებს იმ საჭირო გამოკვლევებს, რასაც ასეთ დროს ჩვენ სტანდარტული პროტოკოლის მიხედვით ვაკეთებთ. ტესტირების შესაძლებლობა ქვეყანაში ძალიან ფართოდ არის გაშლილი, ტესტირება, ოჯახის ექიმის კონსულტაცია უფასოა, ამ კუთხით პრობლემა და ბარიერი არ არსებობს, მთავარია, ყურადღებით ვიყოთ და ნებისმიერი რესპირაციული სიმპტომის შემთხვევაში, ნუ წავიყვანთ ბავშვს სკოლაში თუ ის არის ავად. თუ რაღაც გარემოებებიდან გამომდინარე, ან თერმოსკრინინგის დროს, რომელიც აუცილებლად უნდა ჩატარდეს სკოლაში შესვლამდე, ბავშვს დაუფიქსირდა მაღალი ტემპერატურა, სკოლაში მომზადებული იქნება იზოლირებული ოთახი შესაფერისი განიავებით, სადაც ბავშვი იქნება დროებით გადაყვანილი, ვიდრე ექიმის გამოძახება და ბავშვის გადაყვანა მოხდება ან ბინაზე, ან სამედიცინო დაწესებულებაში შემდეგი მეთვალყურეიობისათვის“, – განაცხადა გაბუნიამ.