თუ სხვადასხვა ადგილას კორონავირუსის რამდენიმე კერა გაჩნდება, დაავადების შეკავება შეუძლებელი გახდება – იმნაძე

დაავადებთა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილის, პაატა იმნაძის განცხადებით, თუ ქვეყნის რამდენიმე წერტილში კორონავირუსის ინფექციის რამდენიმე კერა გაჩნდება, დაავადების შეკავება შეუძლებელი გახდება.პაატა იმნაძე  მოუწოდებს მოსახლეობას, რომ სპეციალისტების მიერ გაცემული რეკომენდაციები აუცილებლად დაიცვან.

„ის ღონისძიებები, რაც მესტიის მუნიციპალიტეტში გატარდა, ძალიან ოპერატიული და მნიშვნელოვანი იყო იმისთვის, რომ ვირუსის შეკავება მაქსიმალურად მომხდარიყო, მაგრამ მინდა ყველამ კარგად იცოდეს, თუ ასეთი კერა ქვეყნის რამდენიმე წერტილში გაჩნდება, დაავადების შეკავება შეუძლებელი გახდება, რადგან არცერთი რესურსი იმას არ ეყოფა, რომ ცალ-ცალკე მუნიციპალიტეტებში ასეთი კვლევები მიმდინარეობდეს.

საბედნიეროდ, ყაზებეგში არ ჩანს ჯერჯერობით ის, რომ ასეთი მდგომარეობა შეიქმნება, იქ ვითარება გაცილებით უფრო კონტროლირებადია, რასაც ჯერ ვერ ვიტყვი მესტიაზე, იმიტომ, რომ 1000 სინჯი, რომელიც გუშინ აიღეს, რეალურად გვაჩვენებს, თუ რა სიტუაციაა მესტიის მუნიციპალიტეტში. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, თუ თითოეული ჩვენთაგანი, ყველგან საქართველოში, განსაკუთრებით ეს ეხება საკურორტო ზონებს, შავი ზღვისპირეთს, კახეთშიც უამრავი ადამიანია დასასვენებლად წასული, თუ არ დავიცავთ ელემენტარულ წესებს, თუ არ გვექნება ყველას დახურულ სივრცეში ნიღაბი, თუ არ დავიცავთ დისტანციას, დამერწმუნეთ, ის, რაც დღემდე მოვიდა, სამწუხაროდ, ქვეყანაში ასეთი სიტუაცია აღარ იქნება. შეიძლება ისეთივე ვითარება იყოს, რაც კარგად იცით, თუ რა ხდება ჩვენს მეზობელ ქვეყნებში. ამიტომ, განსაკუთრებით მოვუწოდებ მათ, ვისი ბიზნესებიც ახლა მუშაობს, ეს არის სასტუმროები, რესტორნები, მაქსიმალურად ყველამ დაიცვას ყველა წესი თავის კლიენტებთან ურთიერთობაში და მოსთხოვონ თავიანთ კლიენტებს, დაიცვან ყველა წესი. ამაზე იქნება დამოკიდებული, თუ რა სიტუაცია იქნება ქვეყანაში. თუ გვინდა, რომ ასე მშვიდობიანად, ნელ-ნელა გავიდეთ ფონს და აცივებამდე არ დაგვემაროს ინფექციის ფართოდ გავრცელება, საჭირო იქნება თითოეულ თქვენთაგანის ჩართულობა ამ პროცესში, რომ თითოეულმა ჩვენთაგანმა დაიცვას ყველა წესი. არაფერი არ არის მძიმედ შესასრულებელი: ეს არის ის, რომ ნიღაბი უნდა ვატაროთ დახურულ სივრცეში და ღიაში, სადაც დისტანციას ვერ ვიცავთ, მაქსიმალურად დავიცვათ დისტანცია, ხელების დაბანა არასდროს გვაწყენს“,-განაცხადა იმნაძემ.