იუსტიციის მინისტრის, თეა წულუკიანის განცხადებით, აღდგომის ღამეს ტაძარში უნდა იყვნენ მხოლოდ სასულიერო პირები და რამდენიმე მოქალაქე, წინააღმდეგ შემთხვევაში ისინი ვერ შეძლებენ დისტანციის დაცვას და საქართველოში კორონავირუსის აფეთქებას მივიღებთ.
,,მე არ მივდივარ ტაძარში და რატომ არ მივდივარ – პასუხისმგებლიანმა მოქალაქემ უნდა გაიგოს, რომ სახელმწიფომ არ დაკეტა ტაძრები, ეკლესია კი, ტაძრებს თავისი ნებით, რა თქმა უნდა, არ და ვერ დაკეტავდა. ეს არ ნიშნავს იმას, რომ ტაძარი უნდა გაივსოს, ტაძარი არ უნდა გაივსოს, რადგან ასეთ შემთხვევაში, ეკლესია უბრალოდ ვერ შეძლებს დისტანციის დაცვას, ეს არის ორჯერ ორი ოთხი. და ასეთ შემთხვევაში, რა თქმა უნდა, ჩვენ მივიღებთ აფეთქებას. ამ აფეთქების თავიდან აცილებისთვის ერმა, ბერმა, დიდმა, პატარამ ყოველ დღე და ყოველ ღამე ვაკეთეთ უამრავი რამ, ამიტომ ამას მოფრთხილება სჭირდება.
ღია ტაძარში ჩვენს იდენტობაში არის უდიდესი სიმბოლო, ამ სიმბოლოს სახელმწიფო არ ეხება, მაგრამ ეს ნიშნავს იმას, რომ ჩვენ მოვიაზრებთ, რომ ტაძარში სააღდგომო დღესასწაულზე სასულიერო პირები უნდა იყვნენ, თუ იქ მაინც იქნება რამდენიმე მოქალაქე, ეს უნდა იყოს რამდენიმე მოქალაქე, წინააღმდეგ შემთხვევაში, ჩვენ შეიძლება აღმოვჩნდეთ ეპიდემიოლოგიური და სანიტარული კატასტროფის წინაშე”,- ამბობს თეა წულუკიანი.
ცნობისთვის, 15 აპრილს საპატრიარქომ და მთავრობამ გადაწყვიტა, რომ საგანგებო მდგომარეობისა და კომენდანტის საათის მიუხედავად, სააღდგომო ლუტურგია უნდა ჩატარდეს. მთავრობის განცხადებით, დიდ ტაძრებში დაცული იქნება დისტანცია, ხოლო მცირე ეკლესიებში მრევლი გარეთ იქნება. სააღდგომო წირვაზე მრევლი ეკლესიაში კომენდანტის საათის დაწყებამდე მივა და მას დილის ექვს საათზე დატოვებს.