თუ ტრამპის პოლიტიკამ შედეგი ვერ გამოიღო, მას ნოემბრის არჩევნებში მონაწილეობაზე უარის თქმა მოუწევს – ამის შესახებ უშიშროების საბჭოს მდივნის ყოფილმა მოადგილემ, ლევან ბოძაშვილმა განაცხადა. როგორც მან აღნიშნა, თუ ტრამპის პოლიტიკამ შედეგი ვერ გამოიღო, მას ნოემბრის არჩევნებში მონაწილეობაზე უარის თქმა მოუწევს. ბოძაშვილის თქმით, ამერიკის შესუსტება საქართველოს ინტერესებში არ არის.
„ამერიკაში მიმდინარე მოვლენებმა გამოაჩინა, რომ სისტემამ ამის პრევენცია ვერ შეძლო. სიტუაცია არის აბსოლუტურად უპრეცენდენტო და ესკალირებული იმდენად, რომ ვფიქრობდი კიდეც, ტრამპის გადადგომა ან არჩევნებში მონაწილეობაზე უარის გამოცხადება ხომ არ უშველილს ამ ყველაფერს? ახლა რაც ხდება ამერიკაში არის ერთგვარი ღირებულებითი ომი. აქ პოლიტიკური ორთქლის გამოშვებაა აუცილებელი პოლიტიკური ხელმძღვანელების მიერ და ეს ყველაფერი უკავშირდება პირველ რიგში ტრამპს და არავის სხვას. მთელ მსოფლიოს მიეცა სალაპარაკო, განსაკუთრებით პრორუსული განწყობის ქვეყნებს, ჩინეთს, ირანს და რუსეთს თავისთავად, რომ ამერიკას აღარ აქვს საშუალება ასწავლოს ჭკუა სხვას, ვინაიდან მას თავისთან ვერ მოუგვარებია. ამ ყველაფერმა ძალიან დააზიანა ამერიკის იმიჯი, როგორც დემოკრატიის გამავრცელებლის იმიჯი და ეს ჩვენთვის წარმოშობს ძალიან სერიოზულ საფრთხეებს
ამ ყველაფერს უკვე აქვს გავლენა მსოფლიოზე. ამერიკის შესუსტება არც ერთ შემთხვევაში არ არის საქართველოს ინტერესებში. ნებისმიერი ასპექტით ჩვენთვის ეს იქნება ძალიან დამაზიანებელი. ძალიან მნიშვნელოვანი პროცესი მიმდინარეობს მსოფლიოში, ყველაფერი, რაც ხდება, ასხამს ჩინეთის წისქვილზე წყალს. ბუნებრივია, ჩინეთი საოცრად გაძლიერდება ამის გამო. რაც იყო ამერიკის საგარეო პოლიტიკის ეფექტურობის განმსაზღვრელი, ეს იყო დემოკრატიის ექსპორტი, რომელსაც ის ახორციელებდა ათწლეულების განმავლობაში მთელ მსოფლიოში. ამიტომაც იყო ამერიკა სასურველი პარტნიორი და ეს აღქმა რომ შეიცვალოს, ეს გამოიწვევს ძალიან დიდ გადანაწილებას მსოფლიოში, რა დროსაც ჩვენ მოგვიწევს ახლებური მიდგომების და ახლებური თავდაცვის მექანიზმებზე ძალიან სერიოზული დაფიქრება ყველა მიმართულებით“, – განაცხადა ბოძაშვილმა.