“ახალი წესების თანახმად, პირველ ეტაპზე, ვიზების შეჩერება შეეხება საქართველოს ხელისუფლების მიერ გაცემული დიპლომატიური, სამსახურებრივი და ოფიციალური პასპორტების მფლობელებს, რაც ყველა წევრ სახელმწიფოში შეჩერების ერთგვაროვან შედეგს უზრუნველყოფს. მეორე ეტაპზე, თუ საქართველოს ხელისუფლება [აღნიშნულ] პრობლემებს არ აღმოფხვრის, [ვიზების] შეჩერება შესაძლოა მთელ მოსახლეობაზე გავრცელდეს.” – ევროკომისიის პრეზიდენტი, ურსულა ფონ დერ ლაიენი ქართული ოპოზიციის ნაწილს საპასუხო წერილს უგზავნის. წერილს სოციალურ ქსელში გამოცემა Euroscope ასაჯაროებს.
“მადლობას გიხდით თქვენი ერთობლივი წერილისთვის, რომელშიც საქართველოში მიმდინარე პოლიტიკურ მოვლენებთან დაკავშირებით შეშფოთებაა გამოთქმული.
ნება მომეცით ხაზგასმით აღნიშნო, რომ ევროკავშირი ქართველი ხალხის დემოკრატიული, სტაბილური და ევროპული მომავლისთვის მიმართულ ძალისხმევას კვლავ გააგრძელებს. ჩვენ კვლავაც მოვუწოდებთ საქართველოში ყველა პოლიტიკურ აქტორს, იმუშაონ ამ მიზნის მისაღწევად.
საქართველოში ბოლო დროს განვითარებულ ნეგატიურ მოვლენებთან დაკავშირებით, ევროკავშირს მტკიცე რეაქცია ჰქონდა და საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდა, გაათავისუფლოს ყველა ჟურნალისტი, აქტივისტი და უსამართლოდ დაკავებული პირი. ჩვენ გამოვთქვით შეშფოთება არჩევნებში დარღვევებთან, მშვიდობიანი მომიტინგეების წინააღმდეგ ძალადობასთან, რეპრესიული კანონმდებლობის მიღებასა და სასამართლო სისტემის რეპრესიის ინსტრუმენტალიზებასთან დაკავშირებით. ეს ქმედებები ევროკავშირის ძირითად ღირებულებებსა და პრინციპებს ეწინააღმდეგება.
მიმდინარე მოვლენებზე რეაგირების მიზნით, კომისიამ მიიღო შესაბამისი ზომები, მათ შორის ხელისუფლებისთვის ორმხრივი ფინანსური მხარდაჭერის შეჩერება და ჩვენი პოლიტიკური კონტაქტების დონის დაქვეითება. გარდა ამისა, კომისიის წინადადების საფუძველზე, საბჭომ ნაწილობრივ შეაჩერა საქართველოსთან ვიზების გაცემის გამარტივების შესახებ შეთანხმება, რაც გავლენას ახდენს ქართული დიპლომატიური და სამსახურებრივი პასპორტების მფლობელებზე. საქართველოს გაწევრიანების პროცესი ფაქტობრივად შეჩერებული რჩება, როგორც ეს ევროპულმა საბჭომ 2024 წლის ივნისსა და ოქტომბერში უკვე დაასკვნა.
2025 წლის 19 დეკემბერს გამოქვეყნებულ ვიზების შეჩერების მექანიზმის შესახებ უახლეს ანგარიშში კომისიამ დაასკვნა, რომ საქართველომ კიდევ უფრო დაიხია უკან მმართველობის, კანონის უზენაესობის, ვიზების შესაბამისობისა და კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის ძირითად კრიტერიუმებში, რომლებიც უვიზო მიმოსვლის მინიჭების საფუძველს წარმოადგენს. ამ უკუსვლის სისტემური და განზრახული ხასიათის გათვალისწინებით, კომისიამ ვიზების შეჩერების განახლებული მექანიზმის ფარგლებში შემდგომი ზომების მიღების პროცედურა დაიწყო. ახალი წესების თანახმად, პირველ ეტაპზე, ვიზების შეჩერება შეეხება საქართველოს ხელისუფლების მიერ გაცემული დიპლომატიური, სამსახურებრივი და ოფიციალური პასპორტების მფლობელებს, რაც ყველა წევრ სახელმწიფოში შეჩერების ერთგვაროვან შედეგს უზრუნველყოფს. მეორე ეტაპზე, თუ საქართველოს ხელისუფლება [აღნიშნულ] პრობლემებს არ აღმოფხვრის, [ვიზების] შეჩერება შესაძლოა მთელ მოსახლეობაზე გავრცელდეს.
წევრი სახელმწიფოები საქართველოში შესაძლო შემდგომ ზომებს განიხილავენ. მიუხედავად იმისა, რომ წევრმა სახელმწიფოებმა სანქციებზე კონსენსუსს ვერ მიაღწიეს, დემოკრატიული უკუსვლისა და ადამიანის უფლებების დარღვევისთვის პასუხისმგებელ პირებზე პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ დისკუსიები გრძელდება. ევროკავშირის სანქციებთან დაკავშირებული ყველა გადაწყვეტილება წევრი სახელმწიფოების მიერ ერთხმად ევროპულ საბჭოში მიიღება.
ევროკავშირი კვლავ ერთგულია საქართველოში დემოკრატიული პრინციპების, ადამიანის უფლებებისა და კანონის უზენაესობის მხარდაჭერის მიმართ. დარწმუნებული იყავით, რომ ევროკავშირი კვლავაც მტკიცედ უჭერს მხარს ქართველ ხალხს და მათ ევროპული მომავლისკენ მისწრაფებებს”.













