თუ ქორწინებიდან 1 წელი არ არის გასული, ქალი ინვიტრო განაყოფიერებას ვეღარ შეძლებს – წულუკიანის გადაწყვეტილება

იუსტიციის მინისტრის, თეა წულუკიანის ბრძანების თანახმად, თუ ქორწინებიდან 1 წელი არ არის გასული, ქალი ინვიტრო (ხელოვნურ) განაყოფიერებას ვეღარ შეძლებს. შესაბამისი ბრძანება საკანონმდებლო მაცნეში 25 აგვისტოს გამოქვეყნდა. სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის წესში ცვლილებები 2020 წლის 1-ლი სექტემბრიდან ამოქმედდება.

ცვლილებების თანახმად, განაყოფიერებამდე ნოტარიულად დადებული ხელშეკრულების მხარე შეიძლება იყოს “ქალისა და მამაკაცისგან შემდგარი წყვილი, რომლის მიზანსაც წარმოადგენს ექსტრაკორპორული გზით დაბადებული ბავშვის აღზრდა” იმ შემთხვევაში, თუ ისინი:

  • იმყოფებიან ქორწინებაში და ქორწინებიდან გასულია სულ მცირე, 1 წელი;
  • იმყოფებიან ფაქტობრივ თანაცხოვრებაში, სულ მცირე, უკანასკნელი 1 წლის განმავლობაში. ქალისა და მამაკაცის ფაქტობრივ თანაცხოვრებაში ყოფნის ფაქტი ნოტარიუსის წინაშე უნდა დადასტურდეს შესაბამისი დოკუმენტებით.

სუროგაციის ცენტრის ხელმძღვანელი მარიამ კუკუნაშვილი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და თეა წულუკიანს აკრიტიკებს.

„წულუკიანის მავნებლობის, უცოდინრობის, ქალების ჩაგვრის და სიბნელის კიდევ ერთი გამოვლინება…ქალი ინვიტრო განაყოფიერებას ვეღარ შეძლებს თუ 1 წელი არ არის გასული ქორწინებიდან ან ფაქტობრივ თანაცხოვრებაში არ არის კაცთან და ამას ვერ დაამტკიცებს ნოტარიუსთან… ანუ მარტო თუ ხარ შვილი არ უნდა გყავდეს და 40 წლის თუ გათხოვდი უნდა ილოდო ერთი წელი როდის გავა და შენი სამედიცინო შანსები კიდევ უფრო შეამცირო იმიტომ რომ თეას ესე ნებავს… კაცის და გათხოვების გარეშე. მოკლედ არაფრად აგდებს ქალებს“, – წერს მარიამ კუკუნაშვილი.