თუ შეიძლება ტყეები შაჰ აბასის შვილთაშვილებს მიყიდოთ, არ შეიძლება, ეკლესიას ჰქონდეს? – მეუფე იაკობი

ბოდბელმა მიტროპოლიტი მეუფე იაკობი ეკლესიისთვის ტყის გადაცემის შესახებ ამბობს, რომ თუ სახელმწიფო უცხოელზე ჰყიდის ტყეებს, შეიძლება, რომ ეკლესიასაც ჰქონდეს.

მისი თქმით, ბორჯომში არამარტო რუსებმა დაწვეს და გააფუჭეს, არამედ მას ყოფილი შსს მინისტრი, ვანო მერაბიშვილი ჩეხავდა.

,,მერაბიშვილი რომ შინაგან საქმეთა მინისტრი იყო, მესხეთ-ჯავახეთში ტყე დატოვა? აბა, ჩადით ბორჯომში და მანახეთ თუ არის ის პირველადი ტყეები. იქ დაბადებული არ ვარ, თორემ იქაც ვიზრდებოდი. ბორჯომში ფიჭვი და ნაძვი აღარ დატოვეს. მარტო რუსებმა გააფუჭეს რომ დაწვეს? უარესი აოხრება მაგან გააკეთა პირადად, მაგ ლობირებდა.

მიიღეს ტყის მართვის კანონი და იმ ტყის კანონში არის ეკლესიაზე მუხლი. თუ შეიძლება ვიღაც უცხოეთიდან ჩამოსულს, შაჰ აბასის შვილთაშვილებს მიყიდოთ, რატომ არ შეიძლება ეკლესიას ჰქონდეს? ჩვენ მზად ვართ ყოველთვის, თუ საჭირო იქნება, სახელმწიფოს დავუბრუნოთ. ამერიკაში ან ევროკავშირის ქვეყნებში რომ ასეთი კითხვა დაგესვათ, ვინმე პასუხის ღირსად გაგხდიდათ? კანონი კანონია. თუ არ მოგწონთ, ვინც მიიღო იმას მოკითხეთ. ჩვენ კანონის აღსრულებაზე ვართ“, – განაცხადა მეუფე იაკობმა.