“თუ ჩემთან საუბარი გინდა, დამირეკე და პირადად დაგელაპარაკები” – ასე მიმართა „ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილმა წევრმა, კოტე იოსელიანმა „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის შვილს, უტა ივანიშვილს.
„მინდა ყველა იმ ადამიანს მადლობა გადავუხადო, ვინც სოლიდარობა გამოხატა ჩემი ოჯახის მიმართ. ეს იყო კლასიკური გატაცება მისი ყველა შემადგენელი ფორმით, ეს მოხდა ჩემს სახლთან, ცხადია ძალადობის ფონზე. იმყოფებოდა რამდენიმე ადამიანი. თავიდან ვიფიქრე, რომ სახლთან დახვედრებისა და ძალადობის გაგრძელება იყო, თუმცა მანქანაში შეთრევის შემდეგ, თვალებზე პირბადესავით რაღაცის გაკეთების შემდეგ, მივხვდი თუ რაშიც იყო საქმე. გადამიყვანეს არც თუ ისე შორს, ვვარაუდობ, რომ საბურთალოს ტერიტორიაზე გადამიყვანეს. შემდეგ იყო მოთხოვნა, რომელიც ჩემი მხრიდან შესრულდა. მე თითქოს რაიმე მორალურ ან პრინციპულ კომპრომისზე წავედი, ასე არ არის, მეორეჯერ ბოდიშის მოხდა დიდ ამბად არ ჩავთვალე. ეს არის პოლიტიკური მდგენელის მქონე აქტი, რომელიც განხორციელდა, რომელსაც პოლიტიკური შედეგები ექნება და აქვს კიდეც. წარმოდგენა არ მაქვს, ვინ და რატომ დაგეგმა, რას ემსახურებოდა ეს ყველაფერი, იმ ფონზე, როდესაც მე გულწრფელი ბოდიში მქონდა მოხდილი.
მინდა უტა ივანიშვილს მივმართო, თუ ამ საკითხთან დაკავშირებით ჩემთან საუბარი გინდა, დამირეკე და პირადად დაგელაპარაკები.
ეს იყო კარგად დაგეგმილი სპეცოპერაცია, რომელსაც ხელმძღვანელობდა სპეცსამსახურები, რომლებსაც აქვთ შესაძლებლობა, მოისმინონ ჩანაწერები, ადევნება განახორციელონ, თვალ-თვალი და ხელი შეუწყონ ისეთ ჯგუფებს, რომლებთან მე მქონდა კომუნიკაცია, რომ თავისუფლად შეასრულონ დავალებები.
იყო განხორციელებული რამდენიმე ზარი, შემდეგ მე გავედი ერთგვარ კავშირზე, თვითონაც შეეშინდათ ამბავი არ ატეხილიყო და გამაგზავნინეს „ვოისი“, სადაც ვთქვი, რომ ყველაფერი კარგად იყო და სახლში მალე დავბრუნდებოდი. ამის შემდეგ თინამ მიიღო ინფორმაცია, რომ ცოცხალი ვიყავი.
შსს-ს მიმართ ნულოვანი ნდობა მაქვს, ვთვლი, რომ ეს არ არის ის ორგანო, რომელსაც ადამიანების უსაფრთხოებას ემსახურება. აქ მოსვლის მოტივაციაც არ მქონდა, რადგან ეს პროცესიც, რომელიც წარიმართება, ფორმალობა იქნება, რომელსაც კანონი ავალდებულებს. არანაირი მოლოდინი არ მაქვს, რომ რეალურ გამოძიებას ჩაატარებენ. არ ვენდობი შსს-ს და არ ვაღიარებ ისეთ ორგანოდ, რომელიც ამ ქვეყნის მოქალაქეებს იცავს.
ამოცნობადი არცერთი პირი არ არის, ყველა ნიღბებით იყო“, – განაცხადა კოტე იოსელიანმა.