თუ ჩემი განცხადება ვინმეს ხმის მოცემას გადააფიქრებინებს, ნუ მომცემს – მელია ლგბტ ადამიანებზე

ენმ-ს ლიდერმა ნიკა მელიამ ლგბტ ადამიანების უფლებებზე ისაუბრა და თქვა, რომ თუ მისი განცხადება ამომრჩეველს ხმის მიცემას გადააფიქრებინებს, ნუ მისცემს.

მისი თქმით, არ სჭირდება ისეთი ამომრჩევლის ხმა, რომელიც მზადაა განსხვავებულობის გამო თავი გაუჩეჩქვოს თანამოქალაქეს.

,,თუ გვინდა ჩვენ ვიაროთ განვითარების გზაზე, ყველამ საკუთარ თავში უნდა ვიპოვოთ ძალა, რომ ყველანაირი ადამიანი ვაღიაროთ, როგორც თანასწორი, იქნება ეს ლგბტ თემის წარმომადგენელი თუ სხვა. თუკი ჩემი განცხადება, მაგალითისთვის, რომელიმე პოტენციურ ამომრჩეველს გადააფიქრებინებს ჩემთვის ხმის მოცემას, პირობითად ვამბობ, დაე, არ მომცეს. იმიტომ რომ მე მიმაჩნია, რომ ასეთი ამომრჩევლის ხმა არ მჭირდება, რომელიც მზად არის თავი გაუჩეჩქვოს რომელიმე თანამოქალაქეს იმიტომ, რომ ის არის განსხვავებული, უცნაური კი არ არის, განსხვავებულია”,- თქვა მელიამ ტვ პირველზე.

მელია აცხადებს, ყველანაირი ადამიანი უნდა ვაღიაროთ თანასწორად, იქნება ეს ლგბტ თემის წარმომადგენელი თუ სხვა – „ეს ორჯერ ორი ოთხია“.

,,ყველა ადამიანს აქვს უფლება იყოს თანასწორი, ყველა ადამიანს ხალხნო. და მარტო 17 მაისი და ცალკე აღებული თარიღი კი არ უნდა იყოს ცალკეული საზოგადოებრივი ჯგუფის საპატივცემულოდ. დრო არის საჭირო, რამდენიმე წელიწადი ალბათ, ვინაიდან ჩვენს ქვეყანაში ბევრი საბჭოთა მენტალობის ადამიანი ცხოვრობს”,- ამბობს ნიკა მელია.