თუ ჩინური ვაქცინა იქნება დომინანტური, ადამიანების დამყოლობა 20%-მდე დავარდება – კულუმბეგოვი

იმუნოლოგ-ალერგოლოგი ბიძინა კულუმბეგოვი ამბობს, რომ საქართველო უნდა დაეყრდნოს ავტორიტეტულ ორგანიზაციებს, რომლებიც განსაზღვრავენ ვაქცინა ხარისხის და ეფექტიანობის კრიტერიუმებს აკმაყოფილებს თუ არა. მისი განცხადებით, ეს ორგანიზაციებია ამერიკის წამლისა და საკვების სააგენტო, ევროკავშირის წამლის სააგენტო და ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია.

“მე პერსპექტივაში ნაკლებად მესახება, რომ რომელიმე ამ ორგანიზაციამ ჩინურ ვაქცინას, რომელსაც დღევანდელი კვლევებით 50.4% აქვს ეფექტურობა, მისცეს გამოყენების უფლება. ჩინეთს ძალიან დიდი მოსახლეობა ჰყავს და ალბათ დასჭირდება, თვითონ გამოიყენოს ეს ვაქცინა. ჩვენ უნდა გავაკეთოთ აქცენტი მაღალი დონის ვაქცინაზე”,– ამბობს კულუმბეგოვი ფორმულასთან საუბრისას.

მისივე განმარტებით, თუ ქვეყანაში მაღალი დონის ვაქცინა არ შემოვა, მოსახლეობის დამყოლობის დონის გაზრდა ძალიან გაჭირდება.

“სახელმწიფოც არ მგონია, რომ გააკეთებს ისეთ სვლას, რომ დარტყმის ქვეშ დააყენებს იმუნიზაციას. ჩვენ თუ დღეს მოლოდინი გვაქვს, რომ ფაიზერის ან ასტრაზენეკას ვაქცინის შემთხვევაში 60–70% ადამიანების დამყოლობა გავზარდოთ, დარწმუნებული ვარ, თუ ჩინური ვაქცინა იქნება დომინანტური, ეს ჩამოვარდება 20–25%–ზე. ძალიან გაზრდის [უნდობლობას]”,– აცხადებს ბიძინა კულუმბეგოვი.

ჯანდაცვის სამინიტროს ინფორმაციით, ქვეყანაში ფაიზერის ვაქცინას შემოიტანენ. თამარ გაბუნიას განცხადებით, კორონავირუსის საწინააღმდეგოდ საქართველოში პირველად ფაიზერის, შემდეგ Astrazeneca-ს შემოტანა დაიწყება.