ინფექციური საავადმყოფოს დირექტორი, თენგიზ ცერცვაძე პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს თანადგომისთვის მადლობას უხდის. მისი თქმით, ქვეყანა უდიდესი გამოწვევების წინაშეა და სალომე ზურაბიშვილის, როგორც პრეზიდენტის და პიროვნების ფაქტორი მათ დაძლევაში მნიშვნელოვანია.
“თქვენო აღმატებულებავ, ქალბატონო პრეზიდენტო, უდიდეს მადლობას მოგახსენებთ თქვენს მიერ გამოხატული ყურადღებისა და თანადგომისათვის ჩემს ჯანმრთელობასთან დაკავშირებით, აგრეთვე ჩვენი მოკრძალებული საქმიანობის პოზიტიური შეფასებისთვის. მინდა დაგიდასტუროთ ჩემი უდიდესი პატივისცემა და სრული მხარდაჭერა თქვენს უაღრესად საპასუხისმგებლო საქმიანობაში საქართველოს სახელმწიფოს და ქართველი ხალხის საკეთილდღეოდ. დღეს ჩვენი ქვეყანა დგას უდიდესი გამოწვევების (მათ შორის პანდემიის) წინაშე და თქვენი, როგორც პრეზიდენტის და პიროვნების ფაქტორი ამ გამოწვევების წარმატებით დაძლევაში მნიშვნელოვანია”, – წერს თენგიზ ცერცვაძე.
გუშინ ინფექციური საავადმყოფოს დირექტორსა და კლინიკური ჯგუფის ხელმძღვანელს, თენგიზ ცერცვაძესა და მის ცოლს, ანა თოფურიას კორონავირუსი დაუდასტურდათ. მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილური და უცვლელია.