პარასკევს ბრიტანეთის დედოფალმა, ელისაბედ მეორემ ნაციას ტრადიციული საშობაო მილოცვით მიმართა. დედოფალმა იმ სირთულეებზე ისაუბრა, რომლებსაც მსოფლიო კორონავირუსის პანდემიის დროს შეეჯახა.
დედოფალმა ხაზი გაუსვა, რომ ისინი, ვინც დღესასწაულს ლოკდაუნის გამო ოჯახის წევრების გარეშე აღნიშნავს, მარტონი არ არიან.
“ყველაზე მძიმე დღეებშიც კი არსებობს ახალი განთიადის იმედი“– თქვა დედოფალმა.
ბრიტანეთის დედოფალი და მისი მეუღლე, ედინბუგის ჰერცოგი წელს შობას უინძორის სასახლეში, ოჯახის სხვა წევრებისგან დაშორებით აღნიშნავენ. ამიტომაც დედოფალმა ნაციას სწორედ უინძორის სასახლიდან მიმართა.
“როგორი გასაოცარიც არ უნდა იყოს, წელი, რომელმაც ადამიანები დააშორა, სინამდვილეში მათი დამაახლოვებელი აღმოჩნდა. დიდ ბრიტანეთში და მთელ მსოფლიოში, ადამიანებმა ღირსეულად მიიღეს გამოწვევა. ვამაყობ და ღრმად შეძრული ვარ სულის ასეთი სიმტკიცით. რა თქმა უნდა, ბევრისთვის ეს პერიოდი სევდას უკავშირდება. ვიღაც ახლობლის დაკარგვას გლოვობს, ვიღაცას მეგობრები და ნათესავები ენატრება, რომლებთან განშორება უსაფრთხოების ინტერესებმა აიძულა. არადა, შობას ყველას უნდა ერთმანეთს ჩაეხუტოს და ხელი ჩაკიდოს. თუ თქვენ ამ ადამიანებს შორის ხართ, იცოდეთ, რომ მარტო არ ხართ. მე თქვენთან ვარ ჩემი ფიქრებით და ლოცვებით“ – თქვა დედოფალმა და მადლიერება გამოთქვა იმ ახალგაზრდა ადამიანების მიმართ, ვინც კორონავირუსთან ბრძოლის წინა ხაზზე აღმოჩნდა.
ბრიტანეთის სამეფო ოჯახი შობის დღესასწაულზე, ისევე როგორც მთელი 2020 წლის მანძილზე იმ შეზღუდვებს ემორჩილება, რასაც ქვეყნის დანარჩენი მოქალაქეები.
დედოფალი მეუღლესთან ერთად უინძორის სასახლეშია მსახურებთან ერთად, სამეფო ოჯახის სხვა წევრები კი თავიანთ სახლებში: პრინცი ჩარლზი და მისი მეუღლე კამილა გლოსტერშირის საგრაფოში საკუთარ მამულში, უილიამი და ქეითი ნორფოლკის საგრაფოში.