“რუსეთის ნაკრებში მუშაობა? არც ახლა. ძნელია იმ ტკივილის დავიწყება, რომელიც 2008 წლის ომიდან მაქვს. ეს მოგონებები ყოველთვის დამეხმარება გავაკეთო არჩევანი რუსეთთან მიმართებით,” – ეს სიტყვები “ფახთაქორის” ქართველმა მწვრთნელმა შოთა არველაძემ რუსულ გამოცემა sports.ru-სთან ინტერვიუში თქვა, სადაც რუსი ჟურნალისტი დაინტერესდა, რა რეაქცია ექნებოდა საქართველოს ნაკრების ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირს რუსეთის ნაკრებში მუშაობაზე.
2008 წლის ომიდან 2 წლის შემდეგ დიკ ადვოკატმა შოთა არველაძეს რუსეთის ნაკრებში პირველ ასისტენტად მუშაობა შესთავაზა, რაზეც უარი და გასაგები მიზეზიც მიიღო. ქართველი მწვრთნელი მათ ნაკრებში მუშაობაზე დღემდე მტკიცე უარზეა.
- 2010 წელს დიკ ადვოკატმა რუსეთის ნაკრებში ასისტენტად მუშაობა შეგთავაზათ, თქვენ უპასუხეთ: “მე ჯერ კიდევ არ შემიძლია – მათ ჩვენ ქვეყანას ძალიან დიდი ტკივილი მიაყენეს”. ახლა წახვალთ შემოთავაზების შემთხვევაში?
-არც ახლა. ჩვენი მიწები ჯერ კიდევ არავის დაუბრუნებია. 2008 წლის აგვისტოში ჩემი ოჯახი თბილისში იყო, ბავშვები ბათუმში. მახსოვს, რა საშინელება ტრიალებდა ქვეყანაში, რისი დავიწყებაც ძნელია. რუსულ კლუბში მუშაობა სხვა საკითხია, მაგრამ ნაკრებში სულ კიდევ სხვა. არ მინდა ჩემი პოლიტიკური გრძნობები ფეხბურთში გავურიო, მაგრამ ის მოგონებები, რაც 2008 წლის ომიდან მაქვს, ყოველთვის დამეხმარება რუსეთთან მიმართებით არჩევნის გაკეთებაში.
2008 წლის აგვისტოს ომის შედეგად, რუსეთმა საქართველოს ტერიტორიების 20 %-ის ოკუპაცია მოახდინა. რუსეთ საქართველოს ომს, ჩვენი ქვეყნის 396 მოქალაქე ემსხვერპლა, აქედან 224 სამოქალაქო პირია, უგზოუკვლოდ დაიკარგა 27 ადამიანი.
წყარო: adjarasport.com