“თქვენ სიმართლეს იმსახურებთ.თქვენი პრეზიდენტი სამხედრო დანაშაულშია ბრალდებული“–ბორის ჯონსონმა რუსებს რუსულად მიმართა

“ბრიტანეთის პრემიერმა, ბორის ჯონსონმა ტვიტერში გაავრცელა ვიდეომიმართვა რუსებისადმი. მან მიმართვა რუსულ ენაზე წარმოთქმული წინადადებებით დაიწყო და დაასრულა.

“რუსები იმსახურებენ სიმართლეს. თქვენ იმსახურებთ იმას, რომ გაიგოთ ფაქტები“– თქვა რუსულად ჯონსონმა, შემდეგ კი ინგლისურად გააგრძელა, თუმცა მთელ მის გამოსვლას რუსული სუბტიტრები ახლდა თან. პრემიერმა ილაპარაკა კიევთან მდებარე ქალაქებში მომხდარ მოვლენებზე, საიდანაც ცოტა ხნის წინ რუსული ჯარები გავიდნენ და სადაც უკრაინის ხელისუფლებამ და დასავლელმა ჟურანლისტებმა ათობით მოკლული მშვიდობიანი მოქალაქე აღმოაჩინეს.

“რუსეთის ჯარების მიერ ჩადენილმა სისასტიკემ ბუჩაში, ირპენში და უკრაინის სხვა ქალაქებში მთელი მსოფლიო შეძრა. მოხდა მშვიდობიანი მოქალაქეების მასობრივი მკვლელობა–მათ ხელები შეუკრეს და დახვრიტეს. ქალები გააუპატიურეს მცირეწლოვანი ბავშვების თვალწინ. დამწვარი ცხედრები საერთო საფლავში ჩაყარეს, ან უბრალოდ ქუჩებში დაყარეს გასახრწნელად. მტკიცებულებები იმდენად შოკისმომგვრელია, იმდენად საშინელი, არ არის გასაკვირი, რომ თქვენი ხელისუფლება ამ ფაქტებს გიმალავთ. თქვენმა პრეზიდენტმა იცის, რომ თუ ამას ნახავთ, მის ომს მხარს არ დაუჭერთ. მან იცის, რომ ეს დანაშაულები ყოველი რუსი დედის ნდობას არყევს, რომელიც შვილს სამხედრო სამსახურში აცილებს. და მან იცის, რომ ეს ფაქტები თავად რუსეთის ღირსებას აჩნდება შავ ლაქად.“–თქვა ჯონსონმა.

ჯონსონმა მოუწოდა რუსებს,გამოიყენონ VPN კავშირი, რომლის საშუალებით შეძლებენ რუსეთის ხელისუფლების მიერ შემოღებული ბლოკირების გვერდის ავლით წვდომა ქონდეთ დამოუკიდებელ საინფორმაციო რესურსებზე.

“როცა სიმართლეს გაიგებთ, სხვებსაც გააგებინეთ, ვინც ამ ყველაფრის უკან დგას, თქვენს წინაშეა პასუხისმგებელი. ისტორია მათაც არ დაივიწყებს, ვინც თვალი დახუჭა“–თქვა ჯონსონმა.

ბოლოს კი ისევ რუსულ ფრაზაზე გადავიდა:

“თქვენი პრეზიდენტი ბრალდებულია სამხედრო დანაშაულის ჩადენაში. მაგრამ მე არ მჯერა, რომ ის თქვენი სახელით მოქმედებს.“

მიუხედავად ფოტოებისა, ვიდეორგოლებისა და თვითმხილველთა ჩვენებებისა, დამოუკიდებელი ჟურნალისტების გამოძიებებისა, რუსეთის ხელისუფლება აცხადებს, რომ რუსეთის არმია არ არის დამნაშავე ბუჩაში და სხვა უკრაინულ ქალაქებში მშვიდობიანი მოსახლეობის მკვლელობაში.

მოსკოვი კიევს რუსი სამხედროების სისასტიკის შესახებ მტკიცებულებების ფაბრიკაციაში ადანაშაულებს, თუმცა ამის დასადასტურებლად არანაირი მტკიცებულება არ აქვს.