ენმ–ს ლიდერმა რომან გოცირიძემ, უმრავლესობის წევრს, დავით მათიკაშვილს ადამიანი–ვირუსი უწოდა.
„თქვენ ხართ ვირუსი. სხვანაირად თქვენ რა უნდა გიწოდოთ ? დეპუტატი არ ხართ, უფლებებს აძლევთ მთავრობას. პერსონალურად თქვენი საუბარი შეიძლება შეფასდეს არა ადამიანის, არამედ- ადამიანი ვირუსის. თქვენი დღევანდელი განცხადება არ არის პოლიტიკოსის განცხადება“,-მიმართა რომან გოცირიძემ მათიკაშვილს.
სიტყვიერი შელაპარაკება მათიკაშვილის განცხადებას მოყვა. მან ნაციონალური მოძრაობა ეპიდემიად მოიხსენია.
,,საზოგადოებას შევახსენებ, რომ საქართველომ ცოტა ხნის წინ კიდევ ერთი ძალიან დიდი ეპიდემია გამოიარა. ამ ეპიდემიას „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლებაში ყოფნა ერქვა, რომელსაც საქართველომ და ქართველმა ხალხმა 2012 წელს შესაბამისი განაჩენი გამოუტანა. კოვიდ-ეპიდემიამ 12 ადამიანის სიცოცხლე შეიწირა საქართველოში, ხოლო „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლებაში ყოფნამ ასობით ადამიანის სიცოცხლე შეიწირა, ათასობით დასახიჩრდა, დაიკარგა საქართველოს 1/3 ტერიტორია და დღეს ამ პოლიტიკურ ძალას სურს, რომ ყოველგვარი სინანულის გარეშე გადაიაროს ეს ყველაფერი”,– განაცხადა დავით მათიკაშვილმა.