გირჩის ლიდერმა იაგო ხვიჩიამ სახალხო დამცველის კანდიდატურაზე საკუთარი თავი წარადგინა. ამის შესახებ მან, პლენარულ სხდომაზე განაცხადა. როგორც ხვიჩია აცხადებს, საკუთარი თავი სახალხო დამცველის კანიდატურაზე იმიტომ წარადგინა, რომ გირჩი “ვერავის ენდობა, ასეთი კანდიდატურა არ გვყავს ქვეყანაში”.
“იმ უფლებამოსილებიდან გამომდინარე, რაც აქვს სახალხო დამცველს, იმ ფაქტიდან გამომდინარე, რომ ის ბიუჯეტიდან ფიქსირდება და სხვანაირ ძალისხმევას მოითხოვს, რომ მან ქვეყანაში რეალურად რამე გააკონტროლოს, ამან მიგვიყვანა იქამდე, რომ აღმოვაჩინეთ ვერავის ვერ ვენდობით. არავინ არ გვყავს ასეთი კანდიდატი, მაგრამ გადავწყვიტეთ, რომ პროცესში უპასუხისმგებლოდ არ მოვიქცეთ და რაც შეგვიძლია მაქსიმუმი გავაკეთოთ.
გირჩის სახელით, სახალხო დამცველად წარვადგენ საკუთარ კანდიდატურას და გთხოვთ მხარდაჭერას ჩვენს კოლეგებს, პარლამენტის წევრებს ყველა პარტიიდან, რომელიც არ უნდა იყოს ის. მგონია, რომ ჩვენ, პოლიტიკოსები უნდა ვარჩევდეთ სახალხო დამცველს. […] რაც შეეხება ჩემს დაპირებას და გეგმას, ეს იქნება ის, რომ ამ უწყებაში მე მხოლოდ სასამართლო და საპატიმრო დაწესებულებები მაინტერესებს. ამაზე იქნება ჩემი ყურადღება მიპყრობილი. ჩათვალეთ,რომ თუ ამირჩევთ, მორჩება დაყოფა იმის მიხედვით, ისინი ქალები არიან, ბავშვები,LGBT თემის წარმომადგენლები, ეთნიკური უმცირესობების თუ ა.შ.
ყველა ეს პროექტი დაიხურება და იქნება მხოლოდ ადამიანის უფლებების დაცვა იმიტომ, რომ ყველა ზემოთ ჩამოთვლილს, ჩვენ როგორც ადამიანებს, ისე ვუყურებთ. ამავდროულად, რასაკვირველია, ყოველგვარ საჭიროებას, რაც არსებობს ისეთ რეალობაში, როცა სასამართლო არ გივარგა, ჩვენ ვერ ამოვავსებთ, მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილი, როცა ადამიანს პატიმრობა ემუქრება, ვეცდებით, რომ ის პოზიცია დავაფიქსიროთ, რაც სამართლიანი იქნება იმ წუთას და გაჩვენოთ ამ სასამართლო სისტემის ნაკლოვანებები, რომელსაც მართალია, ბევრს ვაკრიტიკებთ, მაგრამ მაინც ბოლომდე ვერ გავიაზრეთ პოლიტიკოსებმა თუ რა მტკივნეულად ეხება ის თითოეულ მოქალაქეს ამ ქვეყნისა”- თქვა ხვიჩიამ.