ირაკლი კობახიძის გაკრიტიკების შემდეგ, საქართველოში აშშ-ს ყოფილ ელჩს, იან კელის მამუკა მდინარაძე “ნაციონალურ მოძრაობის ღია ლობიზმში” ადანაშაულებს. იმავეს ამბობენ ქართული ოცნების სხვა დეპუტატებიც.
“იან კელის განცხადებები ამ ბოლო დროს კიდევ უფრო რადიკალური და მწვავე ხდება და ეს ადამიანი ღია ლობიზმს უწევს ნაცმოძრაობას. არ მგონია ნაცმოძრაობის პოზიციის ასეთი აშკარა მხარდაჭერა, ასეთი უაპელაციო მხარდაჭერა, ამ ქვეყანაში თუნდაც ერთ ადამიანს, თუნდაც სუბიექტურად მოფიქრალს და მოაზროვნეს დაუტოვებს იმის ფიქრის საშუალებას, რომ ეს ადამიანი ერთ განცხადებას ან ერთ ფრაზას მაინც ობიექტურად აკეთებს”, – ამბობს მდინარაძე.
ცნობისთვის, გუშინ იან კელი ირაკლი კობახიძეს მიმართა, ნუ ეხუმრება აშშ-ს ამჟამინდელი ელჩის, კელი დეგნანის მანდატსაც და რეპუტაციას. მანამდე კობახიძემ დეგნანზე თქვა, რომ ის არ არის კონსტიტუციური სამართლის სპეციალისტი, ელჩმა კი მას უპასუხა, რომ ამ სფეროს ცოდნა და გამოცდილება აქვს.