იაპონიის მთელ ტერიტორიაზე საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა

იაპონიის ხელისუფლებამ მთელი ქვეყნის ტერიტორიაზე საგანგებო მდგომარეობის რეჟიმი გააფართოვა. ასეთი გადაწყვეტილება მთავრობის სხდომაზე მიიღეს. კარანტინის დასრულების თარიღად ჯერჯერობით კვლავ 6 მაისი რჩება.

პრემიერ მინისტრ სინძო აბეს განცხადებით მთავარი ამოცანაა არ დაუშვან ადამიანების დიდი ნაკადის გადაადგილება ე.წ. ოქროს კვირას, როცა აპრილის ბოლოს და მაისის დასაწყისში ერთმანეთის მიყოლებით რამდენიმე დღესასწაულია.

იაპონიის შვიდ პრეფექტურაში, დედაქალაქის ჩათვლით ხელისუფლებამ საგანგებო მდგომარეობა ჯერ კიდევ გასულ კვირას გამოაცხადა. ზოგიერთმა სხვა რეგიონმა ანალოგიური ზომები დამოუკიდებლად მიიღო.

იაპონია დიდი ხნის მანძილზე დიდი შვიდეულის ერთადერთ ქვეყნად რჩებოდა, სადაც კარანტინი არ იყო. თუმცა ბოლო კვირებში დაავადებულთა რიცხვმა ქვეყანაში სწრაფად დაიწყო ზრდა და ამჟამად 8600–ს აჭარბებს.