ახალი ზელანდიის ჯანდაცვის მინისტრმა დევიდ კლარკმა ქვეყანაში გამოცხადებული საგანგებო მდგომარეობის წესები დაარღვია და ოჯახთან ერთად სანაპიროზე წავიდა. მან საკუთარ თავს იდიოტი უწოდა და ქვეყნის პრემიერ-მინისტრს თანამდებობიდან გადაყენების თხოვნით მიმართა.
,,როგორ ჯანდაცვის მინისტრის, ჩემი მოვალეობაა არა მხოლოდ გავცე მითითებები, არამედ მაგალითი ვაჩვენო ხალხს. როდესაც ჩვენს მოქალაქეებს მსხვერპლის გაღებისკენ მოვუწოდებდი, მათ იმედები გავუცრუე. იდიოტივით მოვიქეცი. მესმის, რატომ მიბრაზდება ხალხი”,- განაცხადა კლარკმა.
ახალი ზელანდიის პრემიერ-მინისტრმა ჯასიდა ანდერნმა გადადგომის თხოვნას უპასუხა, რომ ჩვეულებრივ პირობებში ის მინისტრს თანამდებობიდან გაათავისუფლებდა, ვინაიდან ის „არასწორად მოიქცა და მისი საქციელი გაუმართლებელია“, მაგრამ, პრემიერის განმარტებით, არსებულ სიტუაციაში მისი პრიორიტეტი კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლაა და დევიდ კლარკის თანამდებობაზე დატოვების გადაწყვეტილება მიიღო. თუმცა, ის მინისტრთა კაბინეტის რანგში დააქვეითეს.
ცნობისთვის, რამდენიმე დღის წინ ახალი ზელანდიის ჯანდაცვის მინისტრმა ოჯახთან ერთად სანაპიროზე გაისეირნა, რასაც საზოგადოების მწვავე კრიტიკა მოჰყვა. ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული. COVID-19-ით ინფიცირების 950 შემთხვევაა გამოვლენილი, დაიღუპა ერთი ადამიანი, ხოლო გამოჯანმრთელდა 127.