”არავითარი ცეცხლი ზეციდან არ გადმოდის ყოველწლიურად დიდ შაბათს იერუსალიმში, ქრისტეს ყოფილ საფლავზე თავად იერუსალიმის პატრიარქი ანთებს სანთელს და აკურთხებს ცეცხლს, რაც განასახიერებს ქრისტეს ღვთაებრივ ნათელს და სიბნელეზე გამარჯვებას. ეს დაადასტურეს იერუსალიმის სინოდის წევრებმა, მათ შორის მიტროპოლიტმა კორნელიმ, რომელმაც პატრიარქ დიოდოროსის გარდაცვალების გამო მოსაყდრედ არჩეულმა თავად გამოიტანა წმინდა ცეცხლი პატრიარქის ნაცვლად 2001 წელს. არცერთი დიდი წმინდა მამა და მასწავლებელი ეკლესიისა, მთელი ოცი საუკუნის მანძილზე არ საუბრობს ამ ფსევდო სასწაულზე. არცერთი საეკლესიო წმინდა წიგნი ამ ფაქტს არ ადასტურებს. საქართველოს საპატრიარქომ უნდა შეწყვიტოს ხალხის გამოთაყვანება და მოტყუება.
მართალია ჩვენი ერის უმრავლესობა მთელი ვნების უმძიმესი მარხვის კვირას პასკებს შეექცევა და ვნების კვირა პასკის კვირად იქცა, ნაწილი წითელ პარასკევიდან მოყოლებული კვერცხებს ლეწავს და შეექცევა, დღეს ცეცხლთაყვანისმცემელი მღვდლებიც კი, მათ შორის იერუსალიმში მყოფი საპატრიარქოს ფავორიტი ლაქია კეკელია ქრისტე აღდგას გაიძახიან და გალობენ და მრევლას აძახებინებენ,
მაინც ყველას შეგახსენებთ რომ ქრისტეს აღდგომის დღესასწაული, მილოცვები და გალობანიც საეკლესიო კანონიკით კვირის დადგომისას, ღამის 00.00 საათზე იწყება! მანამდე კი მთელი ლიტურგიკული მსახურება და ლოცვები სამგლოვიაროა და საფლავად მდებარე ქრისტეს დასტირის და ტკივილის თანაგრძნობას გამოხატავს. მაგრამ დღეს ხომ ლიტურგიკა და ჰიმნოგრაფია არავის აინტერესებს და არავინ კითხულობს, არც უსმენენ. დაგვრჩა პასკისა და კვერცხების ჭამის ქრისტიანობა ცეცხლაობასთან ერთად.

ამის შესახებ, დეკანოზი ილია ჭიღლაძე სოციალურ ქსელში წერს.