სამწუხაროდ, რაც ჩვენ გუშინ მოვისმინეთ, ძალიან არასერიოზული იყო. იქ თავდაჯერებულობის და ნდობის ნატამალი არ არსებობდა – ამის შესახებ „გახარია საქართველოსთვის“ წევრმა მიხეილ დაუშვილმა ჟურნალისტებთან „ქართული ოცნების” საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის განცხადებების შეფასებისას განაცხადა.
“ერთდროულად ეს ყველაფერი იყო არასერიოზული და თან სამწუხარო. მახსენდება 12 წლის წინ რამხელა მოლოდინი, იმედები, ნდობა და როგორი ემოცია არსებობდა ხალხში. რაც ჩვენ გუშინ ვნახეთ, როგორი დაცლილი იყო ყველანაირი ნდობისგან, რწმენისგან და იმისგან, რომ გჯეროდეს შენი ხელისუფლების და ადამიანის, რომელსაც ერთ დროს ძალიან ენდობოდი, რომ ის შენი კეთილდღეობისთვის და ქვეყნისთვის ყველაფერს გააკეთებდა. სამწუხაროდ, გუშინ რაც ჩვენ მოვისმინეთ, ძალიან არასერიოზული იყო, იქ თავდაჯერებულობის და ნდობის ნატამალი არ არსებობდა. ეს იყო უგერგილო მცდელობა იმისი, რომ საკუთარი მოქალაქეები შეაშინო ომით. ამაზე უფრო ამორალური რა არის, რომ შენი კეთილდღეობის და ხალხისგან მოპარული ფულის შესანარჩუნებლად აკეთებდე ყველაფერს. ამორალურია, დააშინო შენი მოქალაქეები ომით, რომ “მე თუ არ ვიქნები, ომი გექნებათ.[…]რაც შეეხება ჩინეთისთვის მადლობას. რისთვის გადაუხადა ეს მადლობა ან რას ელოდება მათგან და რა იყო მადლობის შინაარსი, მე ვერ გავიგე. მე შემიძლია გითხრათ, რომ ჩინეთი ჩვენი სტრატეგიული პარტნიორია, ამ ქვეყანასთან ეკონომიკური ურთიერთობები ძალიან მნიშვნელოვანია, მაგრამ ეს მადლობები რისთვის იყო და რა სარგებელს მოუტანს “ქართულ ოცნებას”, ვერ გავიგე”,