ჩემი აზრით, ბიძინა ივანიშვილს, მისდა საუბედუროდ, არა საკუთარი მოქალაქეების რისხვის, არამედ საერთაშორისო სანქციების ეშინია, – ამის შესახებ ჟურნალისტებს “ევროპული საქართველოს” ერთ-ერთმა ლიდერმა გიგი უგულავამ განუცხადა. მისივე თქმით, ივანიშვილს ესმის სანქციების ენა, კისერზე ფეხის დაჭერის ენა და ესმის პირდაპირი მითითებები.
“მან დაინახა ერთი მარტივი ჭეშმარიტება, რაც უფრო მეტია საზოგადოების უკმაყოფილება და რისხვა აქ ქვეყანაში, ალბათობა იმის, რომ ის სანქციების ქვეშ მოხვდეს დასავლეთში იზრდება და ამ ამბავმა ეს დაგვანახა. მეორე დაგვანახა ის, რომ ივანიშვილი და “ქართული ოცნება” კი ფორმალურად, იმიტომ რომ ჩვენ დასავლეთის ნაწილი ვართ, ხელისუფლებაში არიან და არიან პარტნიორები, მაგრამ როგორც პოლიტიკური ძალა, ივანიშვილი არ არის დასავლეთის პარტნიორი. ეს ძალიან ხაზგასმით გამოჩნდა. რაც მთავარია, საერთაშორისო საზოგადოებამ დაინახა რა ენა ესმის და რა ენით უნდა ელაპარაკონ. ამ ადამიანებმა მთავარი შეცდომა იმაში დაუშვეს, რომ მათ საერთაშორისო თანამეგობრობას უთხრეს, რომ ჩვენთან დიპლომატიურ საუბარს არ აქვს აზრი, იმიტომ რომ ასე ველური ფორმით, ასე უტიფარი ფორმით და ასე კატასტროფული შეცდომით დიპლომატებთან არასდროს საქართველოს ისტორიაში არავის ულაპარაკია. ამიტომ მივიღეთ პირდაპირი მოთხოვნები. ვიღაცებს ჰქონიათ, რომ ეს შეურაცხმყოფელია, ჩვენ ახლა დამოუკიდებელი ქვეყანა ვართო. ივანიშვილის ესმის სანქციების ენა, კისერზე ფეხის დაჭერის ენა და ესმის პირდაპირი მითითებები. ამას არ გააკეთებ და ყოფა გეტირება. ეს ენა ესმის და ეს ძალიან ცუდია, ეს მათ პოლიტიკურ უმწიფარობაზე მეტყველებს,” – განაცხადა გიგი უგულავამ.