ივანიშვილის მოსვლამ განაპირობა მშვიდობა, სტაბილურობა და თავისუფლება – ეს განცხადება ირაკლი ღარიბაშვილმა გურჯაანი-საგარეჯო-სიღნაღი-დედოფლისწყაროს მაჟორიტარობის კანდიდატის, დავით სონღულაშვილის წარდგენისას გააკეთა.
“ჩვენი ოპონენტები, დესტრუქციული ძალა, ყოველთვის აპელირებს, რომ თითქოს ქვეყანაში ყველაფერი იყო იდეალურად და 2012 წლის შემდეგ ეს ყველაფერი ერთიანად დაინგრა. ეს არის ის ნარატივი და ტყუილი, რასაც დესტრუქციული ოპოზიციის წარმომადგენლები ავრცელებენ” ამბობს ღარიბაშვილი.
„მინდა კიდევ ერთხელ გავიხსენო აფხაზეთის ომში დაღუპული 10 000-მდე ჩვენი თანამოქალაქე. 28 წელი გავიდა მას შემდეგ, ომი გაგრძელდა 13 თვეს და 13 დღეს და დასრულდა 1993 წლის 27 სექტემბერს სოხუმის დაცემით. მე ეს შემთხვევით არ მიხსენებია, ეს არის თითოეულის ჩვენგანის ტკივილი, ტრაგედია და გაკვეთილი, რაზეც ჩვენ ყველამ უნდა ვისწავლოთ და აღარ დავუშვათ შეცდომა. საუბედუროდ, 2008 წლის აგვისტოს მოვლენები ჩვენ კიდევ ერთხელ გვახსენებს, რომ ჩვენმა ყოფილმა, უგუნურმა ხელისუფლებამ ქვეყანას ვერ აარიდა ის უბედურება და ნგრევა, რაც გამოიწვია აგვისტოს ომმა. ეს არის მწარე გაკვეთილი და გამაოგნებელია ის, რომ ასეთი მემკვიდრეობის დანატოვარი ხელისუფლება, ჩვენი ქვეყნის მთავარი დესტაბილიზაციის წყარო და მისი ბელადი ჯერ კიდევ საფრთხეს უქმნის და განსაცდელის წინაშე აყენებს ჩვენი ქვეყნის სტაბილურობას. მთავარი მონაპოვარი, რაც ჩვენი ხელისუფლების და პირადად ბიძინა ივანიშვილის მოსვლამ განაპირობა, არის მშვიდობა, სტაბილურობა და თითოეული მოქალაქის თავისუფლება“- ამბობს ღარიბაშვილი.