“უნდა გვახსოვდეს, რომ სულ ცოტა ხნის წინ იგივე სასამართლოზე სრულიად საპირისპიროს იძახდა პრეზიდენტი. მან შეუწყო ხელი იმას, რომ მივედით აქამდე, სამწუხაროდ. მეორეს მხრივ, სჯობს გვიან ვიდრე არასდროს თუ ნებისმიერი პოლიტიკური ფიგურა ან ადამიანი სწორ გზაზე დგება, მაგრამ პრეზიდენტის შემთხვევაში, სამწუხაროდ, ჩვენ ვხედავთ მუდმივ ზიგზაგებს. სულ ცოტა ხნის წინ საერთაშორისო ასპარეზზე ამ მთავრობას ნამუსს წმენდდა, რომ კარგად იქცევიან უკრაინასთან მიმართებაში და ყველაფერს სწორად აკეთებენ. ამიტომ ჩემთვის, როგორც საქართველოს მოქალაქისთვის არ არის ეს განცხადებები ფასეული.
ის, რომ ივანიშვილის რეჟიმი ისე ღრმად არის შეტოპილი, ზურაბიშვილსაც კი აქვს დისტანცირების სურვილი, ეს მძიმე ვითარების სიმპტომია. იმისთვის, რომ ვნახო როგორც მოქალაქემ, რომ პრეზიდენტი საკუთარი მძიმე წარსული შეცდომების შემდეგ დღეს სწორად აფასებს ვითარებას, უნდა დავინახო მკაფიო, ცხადი და თანმიმდევრული პოზიცია, არა ზიგზაგებისა და ვითარების ბუნდოვანების შენარჩუნების მცდელობა საერთაშორისო ასპარეზზე”
ასე ეხმაურება „ევროპული საქართველოს“ თავმჯდომარე, გიგა ბოკერია, საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის ექსკლუზიურ ინტერვიუს „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „თავისუფალი სტუდია“.