ევროპარლამენტმა საქართველო-ევროკავშირის ასოცირების შეთანხმების შესრულების შესახებ რეზოლუცია მიიღო. სოციალისტებისა და დემოკრატების პროგრესული ალიანსის ჯგუფის წევრის, ევროპარლამენტარ სვენ მიქსერის მოხსენების საფუძველზე შედგენილ რეზოლუციას 608 ევროპარლამენტარიდან 430-მა დაუჭირა მხარი, 52-მა წინააღმდეგ მისცა ხმა, ხოლო 126-მა თავი შეიკავა.
ევროპარლამენტი კიდევ ეთხელ მოუწოდებს “ქართულ ოცნებას” გაათავისუფლოს საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი და შესაძლებელი გახადოს მისი საზღვარგარეთ მკურნალობა ჰუმანიტარულ საფუძველზე.
- “გამოვხატავთ შეშფოთებას ექიმ დევიდ ე. სმითის ტოქსიკოლოგიურ ანგარიშთან დაკავშირებით, რომელშიც ნათქვამია, რომ მიხეილ სააკაშვილის მიერ გამოვლენილი მრავალი პათოლოგიური სიმპტომი მძიმე მეტალებით მოწამვლის შედეგია, რაც ხელს უწყობს მისი ჯანმრთელობის სწრაფ გაუარესებას; ვიმეორებთ, რომ საქართველოს მთავრობას ეკისრება სრული პასუხისმგებლობა ყოფილი პრეზიდენტის ჯანმრთელობასა და კეთილდღეობაზე და უნდა აგოს პასუხი, თუ მას რაიმე დაემართება; მოვუწოდებთ საქართველოს პრეზიდენტს გამოიყენოს თავისი კონსტიტუციური პრეროგატივები ამ საკითხის გადასაჭრელად; მოვუწოდებთ კომისიის ვიცე-პრეზიდენტს/ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელს საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში, აქტიურად ჩაერთოს ყოფილი პრეზიდენტის გათავისუფლებისკენ მიმართულ ძალისხმევაში; ვიმეორებთ მოწოდებას საქართველოს ხელისუფლების მიმართ, გაათავისუფლოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი და მისცეს მას სათანადო მკურნალობის საშუალება საზღვარგარეთ, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 283-ე მუხლის შესაბამისად, ჰუმანიტარული ნიშნით და როგორც პოლიტიკური პოლარიზაციის შემცირების საშუალება;
ამასთანავე, ევროპარლამენტი რეკომენდაციას გასცემს, ქვეყანაში ბიძინა ივანიშვილის გადაჭარბებული გავლენები აღმოიფხვრას.
- “ხაზს ვუსვამთ ეკონომიკურ, პოლიტიკურ და საზოგადოებრივ ცხოვრებაში ცალკეული ადამიანების პირადი ინტერესების გადაჭარბებული გავლენის აღმოფხვრის აუცილებლობას, როგორც ევროკომისიის მიერ განსაზღვრულ ერთ-ერთ პრიორიტეტს, რომელიც უნდა განიხილებოდეს საქართველოს კანდიდატის სტატუსის მინიჭებამდე; რეკომენდაციას ვუწევთ პირადი ინტერესების, განსაკუთრებით ყოფილ პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილის გადაჭარბებული გავლენების საკითხის სისტემურ გადაწყვეტას ქვეყნის პოლიტიკური, ეკონომიკური და საზოგადოებრივი ცხოვრების სხვადასხვა სფეროში სტრუქტურული და რეგულატორული რეფორმების გატარების გზით;
ვიმეორებთ მოწოდებას საბჭოსა და დემოკრატიული პარტნიორების მიმართ, მიიღონ შესაბამისი ზომები, მათ შორის პირადი სანქციების დაწესების გზით ივანიშვილისთვის და ყველა იმ პირისთვის, რომელიც ხელს უწყობს დემოკრატიული პოლიტიკური პროცესის გაუარესებას;”
რეზოლუციის კიდევ ერთი ადრესატი პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილია. მას სთხოვენ, “გამოიყენოს კონსტიტუციით მინიჭებული უფლებამოსილება” მიხეილ სააკაშვილის გასათავისუფლებლად და ასევე შეიწყალოს “მთავარი არხის” გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია.
- “მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას, შეწყვიტოს პოლიტიკურად მოტივირებული სისხლის სამართლის საქმეები და გადახედოს მიმდინარე სისხლის სამართლის საქმეებს მედიის მუშაკების, ხელისუფლების მიმართ კრიტიკული მედია საშუალებების მფლობელებისა და მათი ახლო ოჯახის წევრების წინააღმდეგ; ამ კუთხით ვიხსენებთ ტელეკომპანია „მთავარის“ დირექტორ ნიკა გვარამიასა და სხვა მედიასაშუალებების რეჟისორებისა და დამფუძნებლების საქმეს, როგორიცაა ფორმულა TV და პირველი TV; გამოვთქვამთ ღრმა შეშფოთებას იმის გამო, რომ 2022 წლის 2 ნოემბერს თბილისის სააპელაციო სასამართლომ ძალაში დატოვა ნიკა გვარამიას განაჩენი, რომელიც ეფუძნება საეჭვო ბრალდებებს, მიუხედავად საქმის მიმართ წამოჭრილი მნიშვნელოვანი კითხვებისა, კერძოდ მის ვადასა და ბრალდებებზე; მოვუწოდებთ საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს, შეიწყალოს ნიკა გვარამია; ვიხსენებთ კომისიის მიერ 2022 წლის 17 ივნისის მოსაზრებაში მითითებულ ძირითად პრიორიტეტებს, მათ შორის მოწოდებას საქართველოს ხელისუფლებისადმი, უზრუნველყონ, რომ მედიის მფლობელების წინააღმდეგ აღძრული სისხლის სამართლის პროცედურები შეესაბამებოდეს უმაღლეს საკანონმდებლო სტანდარტებს; იმედს ვიტოვებთ, რომ ევროპის საგარეო მოქმედებების სამსახური და ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოში გააგრძელებენ ადგილზე მონიტორინგს საქართველოში განხორციელებულ ყველა სასამართლო პროცესზე, რომელიც დაკავშირებულია პოლიტიკურად მოტივირებულ საქმეებთან;”