ივანიშვილის ხეების გადამტანმა კომპანიამ 2011 წლიდან 98 მილიონის ტენდერი მოიგო – ფლანგვის დეტექტორი

ბიძინა ივანიშვილის ხეების გადამტანმა კომპანია “ზიმომ” 2011 წლიდან 98 მილიონი ლარის ტენდერი მოიგო. ინფორმაციას ამის შესახებ “ფლანგვის დეტექტორი” ავრცელებს.

“2012-2019 წლებში შპს ზიმომ თითქმის 53 მილიონი ლარის ხელშეკრულებები სახელმწიფოსგან უტენდეროდ, პირდაპირი შესყიდვით მიიღო.

 “ზიმოს” გარდა არსებობს მასთან დაკავშირებული შპს ზიმო-7, რომელმაც 2012 წლიდან 150 მილიონ ლარზე მეტის ტენდერები მიიღო და აქედან 54 მილიონის – უკონკურენტო გარემოში.
 “ზიმომ” და მისმა მეწილეებმა მმართველ პარტიას 2019-2020 წლებში ჯამში 320,000 ლარი შესწირეს, მათთან აფილირებულმა პირებმა კი დამატებით – 175,000 ლარი.
 შპს ზიმო 1 წლის განმავლობაში იმყოფებოდა შავ სიაში, რადგან 2016 წელს ვანის მუნიციპალიტეტიდან პირდაპირი შესყიდვით მიიღო 1.4 მილიონ ლარზე მეტი და ვალდებულებები არაჯეროვნად და არასრულად შეასრულა.
 სამუშაოებს აგრეთვე უხარისხოდ ასრულებს შპს ზიმო-7, რომელმაც ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში გზისა და ხიდის რეაბილიტაციისთვის ბიუჯეტიდან თითქმის მილიონი ლარი მიიღო, თუმცა ხიდი კვლავ სარემონტოა.”-წერია განცხადებაში.