ღარიბაშვილის ვიზიტი უნგრეთში იმის ნიშანია, რომ ივანიშვილი აღარ აპირებს პასიური ფორმით დაელოდოს, უკრაინაში ომის ფონზე, რეგიონში ძალების გადალაგებას.
ფორმალურად საუბარი აზერბაიჯანული ენერგიის საქართველოს გავლით ევროპაში მიწოდებაზეა, რეალობაში – ივანიშვილი ეძებს პარტნიორებს, რომ შესაძლო ევროპულ ზეწოლას გაუმკლავდეს.
ომის დაწყების დღიდან ვამბობ: უკრაინა გამარჯვებს, მაგრამ ეს ავტომატურად საქართველოს გამარჯვებას არ ნიშნავს. სრულიად შესაძლებელია ვითარება, როდესაც უკრაინა (და მოლდოვა) ევროპაში ინტეგრირდება, ხოლო საქართველო კავკასიურ კონტექსტში რჩება დღეს არსებული ავტორიტარული რეჟიმით.ამის საპირისპიროდ, ბევრს აქვს იმედი, რომ შავ ზღვაზე ძალების განლაგებაში დრამატული ცვლილება და კასპიის აუზის ენერგორესურსებზე მოთხოვნა ევროპაში გაზრდის საქართველოს დემოკრატიზაციისა და ევროპაში ინტეგრირების შანსს.
ეს იმედი ემყარება შემდეგ დაშვებებს:
შავი ზღვის უსაფრთხოებას სჭირდება აფხაზეთის დეოკუპაცია და იქიდან რუსეთის განდევნა.
ჩემთვის მთლად დამაჯერებელი არაა ორი მარტივი მიზეზის გამო:
– რუსეთს აფხაზეთის გარეშეც აქვს შავ ზღვაზე გასასვლელი;
– რაც უნდა გაზარდოს რუსეთმა შეიარაღება აფხაზეთში (რისი შანსიც სანქციების პირობებში ძალიან მინიმალურია, სანქციები კი კიდევ დიდხანს იქნება), ის საფრთხეს ვერ შეუქმნის ნატოს წევრ თურქეთს, რუმინეთს ბულგარეთს და უკრაინას.საქართველო ენერგოდერეფნის საკვანძო რგოლია.
უდაოდ, მაგრამ დასავლეთი ენერგიას ყიდულობს ავტორიტარული რეჟიმებისგანაც და, შესაბამისად, სრულიად შესაძლებელია, საქართველოში იყოს ივანიშვილის ავტორიტარული რეჟიმი და მისი გავლით, არსებულთან ერთად, ახალი მარშრუტები გაკეთდეს. ივანიშვილი ყველას ყველაფერს დაუთმობს (საქართველოს ეროვნულ ინტერესებსაც), ოღონდ ძალაუფლება შეინარჩუნოს და დემოკრატიული რეფორმები არ მოთხოვონ.
სხვათა შორის, აღარც ისაა თავისთავად ცხადი, რომ ევროპამ მაინცდამაინც შუააზიურ-კასპიური ენერგორესურსებით უნდა შეივსოს მარაგები. ევროპა ისე ჩამოვიდა რუსულ გაზზე 41%-იანი დამოკიდებულებიდან 7%-ზე, რომ ამისათვის ჩვენი რეგიონიდან წილის დრამატული გაზრდა არ დასჭირვებია.
ჩემი სიფრთხილის ყველაზე მთავარი არგუმენტი კი შემდეგია:
ჩვენს კოლექტიურ წარმოდგენაში დასავლეთიც რუსეთივით მოქმედებს: იქ სადღაც ვაშინგტონში ან ბრიუსელში გადაწყვეტენ და მორჩა, აქ რეჟიმი შეიცვლება.
არ ხდება ასე. არც ვარდების რევოლუციის დროს მომხდარა ასე იმის მიუხედავად, რომ რუსეთი და ევროპის მემარცხენე აკადემიური წრეები ვარდების რევოლუციასაც “დადგმულად” აღიქვამენ.
ზემოთ დავწერე “შესაძლო ევროპული ზეწოლა”. სიტყვა “შესაძლო” შემთხვევით არ დამიწერია. ჩემთვის სულაც არაა გარანტირებული, რომ ევროპიდან აუცილებლად იქნება ისეთი ზეწოლა ივანიშვილზე, რაც მას დათმობებს აიძულებს. კი, განცხადებები იქნება, მკაფიო გზავნილი იქნება, მაგრამ ევროპას დანგრეული უკრაინა ეყოლება მისახედი და ასაშენებელი.დასავლეთი მართლა სცემს პატივს სუვერენიტეტს.
თუ ქართველი ხალხი გადაწყვეტს, რომ ივანიშვილის რუსულ ავტორიტარიზმში იცხოვროს, იცხოვრებს. გარედან მას მხოლოდ მაშინ დაეხმარებიან, როდესაც იგი თავად მოინდომებს ცვლილებას.
ზურაბ ჭიაბერაშვილი. ილიაუნის პროფესორი