უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ხელი მოაწერა განკარგულებას, რომელიც ივანიშვილის რეჟიმის წინააღმდეგ სანქციების ამოქმედებას გულისხმობს.
“ახლახან მოვაწერე ხელი განკარგულებას, რომლითაც ძალაში შედის უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს გადაწყვეტილება სანქციების შესახებ. ეს არის სანქციები საქართველოს ხელისუფლების იმ ნაწილის წინააღმდეგ, რომელიც ახლა საქართველოს პუტინს აბარებს. […]უკრაინამ გამოიყენა სანქციები ივანიშვილისა და მისი მოკავშირეების, 19 ადამიანის, წინააღმდეგ. სწორედ მათ წინააღმდეგ, ვინც საქართველოსა და ხალხის ინტერესებს ღალატობს. მოვუწოდებთ ევროპას, ამერიკას და ყველას მსოფლიოში, ასევე მოიქცეს – იმოქმედოს პრინციპულად” – თქვა ზელენსკიმ
როგორც უკრაინის პრეზიდენტის განკარგულებაში წერია, ჩამოთვლილი პირების სანქცირება ითვალისწინებს შემდეგს:
აქტივების ბლოკირება – მათი განკარგვის უფლების დროებითი ჩამორთმევა; სავაჭრო ოპერაციების შეზღუდვა (სრული შეწყვეტა); უკრაინის ტერიტორიაზე რესურსების, ფრენების და ტრანზიტის შეზღუდვა, ნაწილობრივი ან სრული შეწყვეტა (სრული შეწყვეტა); უკრაინის ფარგლებს გარეთ კაპიტალის გატანის პრევენცია; ეკონომიკური და ფინანსური ვალდებულებების შეჩერება; ლიცენზიებისა და სხვა ნებართვების შეწყვეტა ან შეჩერება, რომელთა მიღება (ხელმისაწვდომობა) არის გარკვეული სახის საქმიანობის განხორციელების პირობა, კერძოდ, წიაღით სარგებლობის სპეციალური ნებართვების გაუქმება ან შეჩერება; პრივატიზაციის პროცესში მონაწილეობის აკრძალვა, სახელმწიფო ქონების ქირაობის უფლების აკრძალვა; საქონლის, სამუშაოებისა და მომსახურების შესყიდვების აკრძალვა იურიდიული პირებისაგან; ფასიანი ქაღალდების მიმართ ოპერაციების სრული ან ნაწილობრივი აკრძალვა, რომელთა ემიტენტები არიან პირები, რომლებზეც სანქციები იქნა გამოყენებული ამ კანონის შესაბამისად (სრული აკრძალვა); ეკონომიკური კომპანიების, საწარმოების საწესდებო კაპიტალის ზომის გაზრდის აკრძალვა; ოფიციალური ვიზიტების, შეხვედრების, ხელშეკრულებების ან შეთანხმებების გაფორმებაზე მოლაპარაკებების გაუქმება; უცხო ქვეყნების რეზიდენტებზე ვიზების გაცემაზე და გაუქმებაზე უარის თქმა, უკრაინის ტერიტორიაზე შესვლის სხვა აკრძალვების გამოყენება; უკრაინის სახელმწიფო ჯილდოების ჩამორთმევა; მიწის ნაკვეთების შეძენის აკრძალვა 10 წლის განმავლობაში
უკრაინის პრეზიდენტის ბრძანების თანახმად, სანქცირებულთა სიაში არიან:
- ბიძინა ივანიშვილი – ქართული ოცნების თავმჯდომარე
- ირაკლი კობახიძე – პრემიერი
- გრიგოლ ლილუაშვილი – სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი
- კახა კალაძე – თბილისის მერი
- მიხეილ ჩინჩალაძე – მოსამართლე, თბილისის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარე
- მამუკა მდინარაძე – ქართული ოცნების საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი
- ვახტანგ გომელაური – შინაგან საქმეთა მინისტრი
- ოთარ ფარცხალაძე – ყოფილი გენერალური პროკურორი
- ირაკლი რუხაძე – ტელეკომპანია იმედის მფლობელი
- ლევან მურუსიძე – მოსამართლე, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი
- ვიქტორ ჯაფარიძე – ქართული ოცნების დეპუტატი
- დიმიტრი სამხარაძე – ქართული ოცნების დეპუტატი
- გიორგი (გოგა) ხაინდრავა – პროპაგანდისტი
- გიორგი კობახიძე – ირაკლი კობახიძის მამა
- ზვიად შალამბერიძე – ქართული ოცნების დეპუტატი
- შალვა თადუმაძე – უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილე
- თეა წულუკიანი – იუსტიციისა და კულტურის ყოფილი მინისტრი, ქართული ოცნების დეპუტატი
- ირაკლი ქარსელაძე – რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი
- კახა ბექაური – კომუნიკაციების კომისიის თავმჯდომარე
გადაწყვეტილების შესახებ ინფორმაცია ზელენსკიმ გუშინ, 4 დეკემბრის საღამოს გაავრცელა.