“მენეჯერი, მით უფრო, პოლიტიკოსი, რომელიც საკუთარი თანამდებობის შენარჩუნების გამო საზოგადოებას ბარტყებივით უგდებს საკუთარი გუნდის წევრებს, ლიდერი აღარ არის – “დირექტორია”. “დირექტორებს” კი გუნდი არასდროს უერთგულებს – ერთგული გუნდი ჰყავს მხოლოდ ლიდერს.
ამ დღეებში კალაძემ თავისი ძალიან ცუდი სახე ბევრი მიმართულებით გამოაჩინა, მაგრამ განლიდერება მისთვის დამღუპველი იქნება. აქამდე მის მიმართ ბევრი პრეტენზია არსებობდა, მაგრამ ლიდერობა მისი ძლიერი მხარე ნამდვილად იყო. საზოგადოებისთვის, ეს აკომპენსირებდა კიდეც (რამდენად სამართლიანად და სწორად, სხვა საკითხია) მის კორუმპირებულობას, კომპეტენციის და ინტელექტის სიმწირეს.
არცაა გასაკვირი – „ქართული ოცნების“ მთავარი თვისება ხომ უთვისებობა და ულიდერობაა და, საერთო ფონზე, კალაძე ერთადერთი გამონაკლისი იყო. ახლა კი მას ჩამოეშალა ლიდერის იმიჯი და პოლიტიკური ქარიზმა და დარჩა მხოლოდ ზემოხსენებული კორუმპირებულის, კომპეტენციით და ინტელექტით მწირი პოლიტიკოსის აღქმა. აქამდე ივანიშვილს სწორედ მისი ლიდერობა და ქარიზმა აკავებდა. ახლა, რაც ეს შემაკავებელი ფაქტორი გაქრა, ივანიშვილი კიდევ უფრო გააღრმავებს კალაძის განლიდერებას, საბოლოო გამოკრისტალებამდე. მთელი ძალებით შეუწყობს ხელს და ბოლოს კალაძეს გაანადგურებს და მიასევს მის მორჩილ უსახოებს (შესაძლოა, “ხალხის ძალამ” “გაისროლოს” პირველმა კალაძის მიმართულებით). კალაძეს კი არავინ გამოექომაგება – პირველ რიგში, მერიაში მისი გუნდი არ აპატიებს ღალატს, ხოლო პარლამენტში მისი მხარდამჭერები (ანუ, პოლიტიკური გუნდი) ვერ გაბედავენ მის დაცვას – მორალური უპირატესობის დაკარგვის და კორუფციული მხილებების შიშის გამო.
კალაძის პოლიტიკურ მომავალს და ასევე მის პოლიტიკურ-სამართლებრივ დევნას აწმყოში მხოლოდ მისი გადადგომა თუ შეაკავებდა. შესაძლოა, ამ შემთხვევაში ის გაძლიერებულიც კი გამოსულიყო ვითარებიდან, მან კი უმძიმესი შეცდომა დაუშვა. ის ლიდერი აღარაა. ის ივანიშვილის მორიგი უსახური თოჯინა გახდა, ათასიდან ერთ-ერთი თოჯინა, რომელიც არასდროს მოსწონდა ივანიშვილს და არასდროს მიიჩნევდა თავისიანად. რაც მთავარია, სავარაუდოდ, ივანიშვილი მას მაინც აიძულებს, რომ გადადგეს, ოღონდ უკვე ბოლომდე “გაფარჩაკებულს”. არ უნდა დაგვავიწყდეს ისიც, რომ მერიის სამსახურის უფროსის მოადგილის დაკავებით, პროკურატურამ (ივანიშვილმა) დაიტოვა სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის კალაძისკენ აღმავალი ხაზი.“
ნიკა გვარამია, “მთავარი არხის“ დამფუძნებელი