ექსპერტ დავით ზურაბიშვილის განცხადებით, ბიძინა ივანიშვილი ხელისუფლებიდან ფორმალურად მიდის, მაგრამ პოლიტიკური ძალაუფლების დათმობას არ აპირებს.
როგორც ზურაბიშვილმა „პალიტრანიუსის“ ეთერში განაცხადა, ივანიშვილი შეეცდება, ყველა ბერკეტი კვლავ ხელთ ჰქონდეს და უბრალოდ სურს, პასუხისმგებლობას გაექცეს.
„ბიძინა ივანიშვილი მიდის ფორმალურად პოლიტიკური ხელისუფლებიდან, მაგრამ არ მიდის პოლიტიკური ძალაუფლებიდან. ის არანაირად არ აპირებს ძალაუფლების დათმობას. ის კვლავ იქნება რეალურად წარმმართველი მმართველი პარტიის პოლიტიკის და ეს თუნდაც იქიდან ჩანს, რომ მმართველი პარტიის თავმჯდომარედ დაასახელა მის მომხრეებში „ოცნების“ ყველაზე არაპოპულარული ლიდერი. სწორედ იმიტომ, რომ რეალურად არსად არ მიდის. ეს ბიძინა ივანიშვილს ახასიათებს. პირველად ხომ არ აკეთებს ამას, მეორე წასვლა გვაქვს, მეორე მოსვლის ნაცვლად. ბიძინა ივანიშვილი ცდილობს, არ „შეიტენოს“ პასუხისმგებლობა. პირველი წასვლაც ასეთი იყო – მაშინაც ამბობდა, წავალ და არ ვაპირებ დაბრუნებას, ვუბრუნდები კერძო ცხოვრებასო. მაგრამ ყველამ ვიცით, რომ არსად წასულა და რეალურად ის იყო მთავარი მოქმედი პირი. შინაგანად შეიძლება სჯერა, რომ გაემიჯნოს პოლიტიკურ ხელისუფლებას, მაგრამ რეალურად არ აპირებს, რომ ძალაუფლებას გაემიჯნოს.
პოლიტიკა, ბიზნესი ხომ ერთმანეთზე გადაბმულია. მაგალითად, ბიძინა ივანიშვილი გამოვიდა დილით, გადმოხედა სოლოლაკიდან, გახედა რაღაც ადგილს და იფიქრა – რა კარგი იქნებოდა, რომ აქ ზვიგენარიუმი ავაშენო. ამ დროს იქ რაღაც ისტორიული ძეგლია – მაგალითად ვამბობ. ამაზე ვინმემ ნებართვა ხომ უნდა მისცეს, ამიტომ ვიღაცამ პოლიტიკური გადაწყვეტილება უნდა მიიღოს. თუ ის ძალაუფლებაში აღარაა და უარი უთხრეს, ის ამას დაუშვებს? არა, რა თქმა უნდა. ის შეეცდება, ყველა ის ბერკეტი, რაც აქვს – უშიშროების მეშვეობით, პარტიული მეგობრების კონტროლის თვალსაზრისით, კვლავ ჰქონდეს ხელთ. უბრალოდ, ცდილობს, პასუხისმგებლობას გაექცეს“,- განაცხადა ზურაბიშვილმა.