პოლიტიკური მოძრაობა ტრიბუნას დამფუძნებელი და ქართული ოცნების ყოფილი დეპუტატი დავით ჭიჭინაძე აცხადებს, რომ პრემიერის პოსტზე გახარიას შემცვლელად არამარტო კალაძეს, არამედ არჩილ თალაკვაძის კანდიდატურაც განიხილებოდა.
მისი თქმით, კალაძეს პოლიტიკური განათლება არ ჰყოფნის, მარტო პიარით კი, ქვეყანას ვერ მართავ.
“მითუმეტეს, რომ ივანიშვილის პირობებშიც, 2020 წლის არჩევნებზე დედაქალაქი პირწმინდად წააგო. თუმცა კალაძეს მართლა ჰყავს თავი გუნდი და აქვს ამბიცია”,– წერს ჭიჭინაძე.
ის ასევე აღნიშნავს, რომ გიორგი გახარიას არც გუნდი და არც ივანიშვილი აღარ ჰყავს და მათ ხელშია დარჩენილი, ვინც პარლამენტშიც და ფინანსურ დაჯგუფებებშიც ძალაუფლებას ფლობს. მიუხედავად ამისა, ჭიჭინაძის აზრით, თუ გახარიას სითამამე ეყოფა და 5–6 მინისტრს გამოცვლის, “მისი ჩაჩოება ძნელი იქნება”.
“კობახიძე, ანუ ბრეჟნევი, რომელიც რომ მიუშვა, ყველა თანამდებობას შეითავსებს, პარტიის თავმჯდომარისაც, პარლამენტისაც და პრემიერობასაც. კობახიძე – მსახური, ვისშიც ივანიშვილი დარწმუნებულია, რომ ტელეფონს ისე არასოდეს გაუთიშავს, რაც კვირიკაშვილმა „გაუბედა“.
სამაგიეროდ მე გავუთიშავო, დაგვპირდა თავად…”,– წერს ჭიჭინაძე ოცნების მომავალ თავმჯდომარეზე.
ოცნების ყოფილი დეპუტატის თქმით, “დანარჩენებმა საქვეყნო საქმის კეთება არა, მაგრამ საკუთარი ჯიბის და ბელადის მსახურება იციან.”
მისივე მტკიცებით, ივანიშვილი 2 გარანტიის მიღების შემდეგ გავიდა, ან გაიყვანეს პოლიტიკიდან, თუმცა არ ასახელებს, რა იყო ეს გარანტიები.
“აი ეს არის ის ე.წ. გუნდი, რომელიც ივანიშვილმა დატოვა. მოკლედ, ქვეყანა, ხალხია ცოდო, თორემ ძალიან “საინტერესო” პერიოდში შევდივართ… გველოდება საშინელი კრიზისი და პარალელურად: პრემიერის შეცვლა გაზაფხულს არ გადასცდება, ხოლო რადგან კალაძე-კობახიძის პირველი ამოცანა, სწორედ გახარიას გაშვებაა, ამიტომ არ არის გამორიცხული კომპრომატების ომი დაიწყოს.
ივანიშვილმა „ქართული ოცნება“ და მისი ამომრჩეველი კი ისე გაწირა, რომ პარტიას კობახიძის სახით მესაფლავე დაუნიშნა. რასაც კობახიძე მართლა გადასარევად შეასრულებს. თავად ივანიშვილი, მთავარი გამშველებელი, მართლა ვეღარ იქნება, რადგან პოლიტიკიდან კონკრეტული ორი გარანტიის მიღების შემდეგ გავიდა/გაიყვანეს…”,– წერს ჭიჭინაძე Facebook–ზე.