აშშ-ს წარმომადგენელთა პალატის წევრმა, რესპუბლიკელმა კონგრესმენმა მარკუეინ მალინმა გამოაქვეყნა წერილი, რომელშიც ის საუბრობს აშშ–ს მიერ საქართველოს თავისუფლებისთვის ბრძოლაში დახარებაზე.
“ვლადიმერ პუტინი და მისი გავლენა დემოკრატიის მთავარ საფრთხეს წარმოადგენს, არა მხოლოდ შეერთებულ შტატებში, არამედ მთელ მსოფლიოში. დააკვირდით საქართველოში არსებულ ვითარებას, რომ ნახოთ, ეს გავლენა მათზე, ვინც თავისუფლებისთვის იბრძვიან”,– წერს მალინი.
კონგრესმენი აცხადებს, რომ საქართველოს “რუსული სკოლის ოლიგარქი”, პუტინის მოკავშირე ბიძინა ივანიშვილი მართავს, რომელმაც ფული საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, რუსეთში იშოვა.
მალინის თქმით, ივანიშვილმა ძალაუფლება 2012 წელს მოიპოვა “იმ სახელმძღვანელოს მსგავსად, რომელსაც წლების განმავლობაში იყენებდნენ რუსეთსა და უკრაინაში ეკონომიკური და დემოკრატიული პროგრესის შესაფერხებლად”. კონგრესმენი აღნიშნავს, რომ “მან თანამდებობა 2013 დატოვა, თუმცა გადადგომის მიუხედავად, საქართველოს მთავრობის დე-ფაქტო ლიდერად დარჩა, ხოლო „ქართული ოცნების“ თავმჯდომარეობას ოფიციალურად 2018 წლის მაისში დაუბრუნდა.
კონგრესმენი წერს, რომ ივანიშვილს მხოლოდ ხელისუფლების კონტროლი არ სურს, არამედ „პუტინის მოკავშირე ენერგიულად მუშაობს იმაზეც, რომ ქვეყანაში ლეგალურად მოქმედი ამერიკული ბიზნესი საქართველოდან განდევნოს.“
კონგრესმენი ასახლებს რამდენიმე ამერიკული კომპანიის: Frontera-ს, Iconia Capital-ის, Georgia Manganese-ის მაგალითებს და ამბობს, რომ ყველა ამ შემთხვევას აერთიანებდა “ძვირად ღირებული ამერიკული კერძო ინვესტიციების სახელმწიფოს მიერ მიტაცების მცდელობა მთავრობის რუსი, ჩინელი და ირანელი მოკავშირეების სანაცვლოდ ღია თუ შეფარული ბიზნესგარიგებებით”.
შემდეგ მარკუეინ მალინი საუბრობს თავისივე ინიცირებულ კანონპროექტს სანქციების შესახებ და აცხადებს, რომ “თუ პრეზიდენტი დაადგენს, რომ საქართველომ ჩაიდინა ასეთი რამ, მაშინ მან საქართველოს მთავრობას უნდა დაუწესოს ფინანსური და სავაჭრო სანქციები, ისევე, როგორც სავიზო და ქონების სანქციები ამოცნობილ პიროვნებებს”.
კონგრესმენი ყურადღებას ამახვილებს რესპუბლიკელი კონგრესმენების სამუშაო ჯგუფის 10 ივნისს გამოქვეყნებულ ანგარიშსაც, რომელშიც ივანიშვილი პუტინის მოკავშირედ არის დასახელებული. მალინის თქმით, გამოსავალზე ორიენტირებული გეგმა გულისხმობს “უმკაცრეს სანქციებს პუტინის მოკავშირეების, მათ შორის, ივანიშვილის წინააღმდეგ”.
კონგრესმენი ეხება რვა მარტის შეთანხმებასაც და ამბობს, რომ შეთანხმება “კვლავ კითხვის ნიშნის ქვეშაა, რადგანაც კიდევ ბევრი სამუშაოა ჩასატარებელი”.