“როცა ივანიშვილი პრემიერობიდან მიდიოდა, ერთი ძალიან კარგი ღვინო გახსნა, ვისხედით ოთხნი – ახლადარჩეული პრეზიდენტი მარგველაშვილი, ახლადდანიშნული პრემიერი ღარიბაშვილი, მე პარლამენტის თავმჯდომარე და მიმავალი ივანიშვილი. პირველი შეისვა ქვეყნის წარმატების, მეორე მან დაგვარიგა მამაშვილურად – არავითარ შემთხვევაში ამერიკელებმა და ევროპელებმა რომელიმე თქვენგანი არ გამოგიჭირონ ორმაგ თამაშშიო. ანუ, არ დაკარგოთ მათი ნდობა, თორემ ეგ იქნება დასასრული…
[…] რა მოხდა – პირველად ივანიშვილის ცნობიერებაში ბზარი გაჩნდა, როცა დასავლეთმა უკვე პირდაპირი და ღია კრიტიკა განახორციელა მისი მოქმედებებისადმი. გავიდა 4-5 წელი და სად არის დაპირებული ამბები?! გასაგებია, ეკონომიკური პრობლემები მთელ მსოფლიოშია, მაგრამ პოლიტიკური, სასამართლო, ერთპარტიულობა, პროპორციული არჩევნები, ცხრაჯერ ნათქვამი სიტყვა და მერე შეტრიალება და ა.შ.? ანუ, მან უკვე დაანაბა თავი ამ ოცნებებს, რომ საქართველო გამხდარიყო სამაგალითო, რომ ევროპიდან ჩამოვიდოდნენ და იტყოდნენ, ნახეთ, აი, რა არისო. ის თან ხომ იმას ეჯიბრება, აქ რომ იჯდა, ეს ხომ დემოკრატიის შუქურად იყო მონათლული და არა ის კი არა, მე ვარ დემოკრატიის შუქურა.
მოკლედ, ეს პროექტი რომ ჩაუფლავდა, დარჩა ერთადერთი პროექტი – ძალაუფლების შენარჩუნება. ძალაუფლების შესანარჩუნებლად ყველა და ყველაფერი, რაც დემოკრატიულ დასავლეთთან არის დაკავშირებული არის მისი მტერი. ამიტომ არის, რომ მან გააკეთა ძალიან სერიოზული შემოტრიალება ანტიევროპულ განწყობებზე და ეს ბუნებრივია, 90%-ში ნიშნავს პრორუსულს. ამით აიხსნა აყვავება მთელი რიგი ორგანიზაციების, პარტიების თუ საინფორმაციო საშუალებებს, რომლებიც არ მალავენ, როგორ წარმოუდგენიათ საქართველოს ხვალინდელი დღე. ამით აიხსნება წამყვანი სახელისუფლებო არხების მზარდი პროპაგანდა დასავლური არჩევანისადმი სკეპტიციზმის გაღვივებაში. ამით აიხსნება საკადრო პოლიტიკა, ანუ რა ტიპის ადამიანები დგებიან წინა პლანზე. ამით აიხსნება დამოკიდებულება ელჩებისადმი და საზოგადოებაში პროვინციული პატრიოტიზმის განვითარება, რომ საპარლამენტო სუვერენტიტია და როგორ ერევიან ისინი ჩვენს საქმეში. გენეზისი აქ არის რა – დემოკრატიული სახელმწიფოს პროექტი, ავი თუ კარგი, საქაღალდიდან ამოიღო და გადააგდო და დარჩა ძალაუფლების შენარჩუნება”
ამბობს ქართული ოცნების კოალიციის ყოფილი წევრი, პარტია “ლელოს” წევრი დავით უსუფაშვილი პალიტრანიუსის გადაცემაში “პოლიტ-ქალაქი”.