“მინდა კიდევ ერთხელ გავიმეორო, რომ საქართველოს მთავრობამ ევროკავშირში გაწევრიანებაზე განაცხადი ქართველი ხალხის ნების შესაბამისად გააკეთა. ასევე, იყო კონკრეტული გეგმა შეთანხმებული, ერთის მხრივ, ევროკავშირის, მისი წევრი სახელმწიფოებისა და, მეორეს მხრივ, საქართველოს შორის, თუ როგორ უნდა მივიდეს ქვეყანა წევრობამდე. ამასთან, რადგან იყო შეშფოთება გარკვეული მიმართულებებით, მოხდა შეთანხმება ორმხრივად, რომ საქართველო რეკომენდაციებს შეასრულებდა. დარწმუნებული ვარ, ქართველი ხალხის ნება ევროკავშირში გაწევრიანებისა არ შეცვლილა და ხელისუფლება სწორედ ხალხის ნებას უნდა დაემორჩილოს. ევროკავშირის მოლოდინები აქ მეორეხარისხოვანია…
ჩვეულებრივ, დასავლეთის ქვეყნებში არ შეიძლება მთავრობის მაღალი თანამდებობის პირი აქტიურ ბიზნეს საქმიანობაში იყოს ჩართული. მე არ ვიცი, რა სახის გადაწყვეტილება მიიღო ბიძინა ივანიშვილმა. თუმცა, მგონია, რომ პოლიტიკაში დაბრუნება ფორმალური ძალაუფლების დაბრუნების მიზნით გადაწყვიტა. ერთის მხრივ, ეს დადებითი გადაწყვეტილებაა, იმიტომ, რომ პოლიტიკაში ღიად ჩართული ადამიანი ანგარიშვალდებულია და უკეთესია, ვისაც ძალაუფლება აქვს ოფიციალური თანამდებობა ეკავოს, ვიდრე ჩრდილიდან მართავდეს ქვეყანას. თუმცა, მისი მიზნები შეიძლება განსხვავებულიც იყოს. ამიტომ, ჩვენ ყურადღებით ვაკვირდებით სიტუაციას. ასეა თუ ისე, ბიძინა ივანიშვილს დიდი ძალაუფლება აქვს, როგორც პოლიტიკური, ასევე ეკონომიკური თვალსაზრისით და ეს ნიშნავს, რომ დეოლიგარქიზაცია ჯერ არ მომხდარა,”

ამის შესახებ ევროპარლამენტარმა ანნა ფოტიგამ “მთავარ არხთან” განაცხადა.